მიგრაციამსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნება

გიორგი მიქაძე – პირველი ქართველი მანჰეტენის მუსიკალური სკოლის ჯაზის მაგისტრის წოდებით

კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და პოპმუსიკის ვარსკვლავი საქართველოდან, გიორგი მიქაძე ამჟამად აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს, აგრეთვე, რამდენიმე ქართულ პროექტზე მუშაობს.

გიორგი მიქაძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსიკალური განათლების მისაღებად. იგი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო Manhattan School of Music-ში; ასევე ფლობს ბაკალავრის 3 ხარისხს: ხელოვნების აკადემიურ ხარისხს კლასიკური ფორტეპიანოს სპეციალობით (თბილისის სახ. კონსერვატორია) და კომპოზიციის და საშემსრულებლო ორმაგ ხარისხს (Berklee College of Music). მას კონტრაქტი აქვს გაფორმებული YAMAHA Corporation-თან და YAMAHA-ს პირველი ქართველი ჯაზარტისტია.

დღევანდელი მონაცემებით, YAMAHA- ჯაზარტისტების რიცხვში გაერთიანებულია 40-მდე მსოფლიო რანგის ლეგენდარული მუსიკოსი, მათ შორის არიან: ჩიკ კორეა, ტონი ბენეტი, ჯორჯ ვეინი, ჰირომი უეჰარა, ბობ ჯეიმსი, დანილო პერეზი, ჯერი ალენი, ბილი ჩაილდსი, ჯეიმი კალუმი, კეიკო მაცუი.

გიორგი მიქაძე თავის შემოქმედებაში ინტენსიურად იყენებს ქართულ პოლიფონიურ მუსიკას. მისი სურვილია, რომ  ქართული უნიკალური ფოლკლორი თანამედროვე საშუალებებით გადმოსცეს.

რამდენიმე ხნის წინ მან ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად შექმნა უნიკალური პროექტი „ვოისა“. პროექტი ყველა ჟანრის მუსიკის ნაზავს მოიცავს, მათ შორის, ქართულ ფოლკმუსიკასაც და მისი მიზანი სწორედ  მსოფლიო მასშტაბით ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაციაა. ეს კონცერტი ნიუ-იორკის სტუდიაში ჩაიწერა, მისი პრემიერა კი ჩინეთში გაიმართა. ქართველი მაყურებელი 2018 წლის აგვისტოში პროექტ „ვოისას“ Black Sea Arena-ზე დაესწრო.

გიორგი მიქაძე ამჟამად ჩინური პოპის მეფედ წოდებულ ვანგ ლიჰომის (ან ლიჰომ ვანგი; Wang Leehom) ბენდს ხელმძღვანელობს და მასთან ერთად უდიდეს მსოფლიო ტურნეში მონაწილეობს, რომელიც 2018 წელს დაიწყო და 3 წელი გაგრძელდება. ტურნეს ფარგლებში ბენდი სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე დიდ სცენებზე მთლიანობაში 100 წარმოდგენას გამართავს.

გასულ ზაფხულს, ტურნეს ფარგლებში Chengnan-ის სტადიონზე (ჩინეთი) კონცერტის დროს ქართველმა მუსიკოსმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

2020 წლის თებერვალში გიორგი უშვებს საავტორო ალბომს სახელწოდებით – „Georgian MicroJamZ“ (მეორე სახელწოდება იქნება „ელესა“). ალბომი 20 თებერვლის შემდეგ მსოფლიოს ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე განთავსდება და ნებისმიერ მსმენელს შეეძლება მისი მოსმენა. გიორგის უამრავი პროექტის განხორციელება აქვს ჩაფიქრებული. წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო შემოქმედებით გზაზე.

* * * 

ცოტა რამ ვანგ ლიჰომის შესახებ: ჩინური წარმოშობის ამერიკელი მომღერალ-შემსრულებელი, მსახიობი, პროდიუსერი და კინორეჟისორი ვანგ ლიჰომი ისეთ პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებლებში, როგორიცაა: ისტმენის მუსიკალური სკოლა, უილიამსის კოლეჯი და ბერკლის მუსიკალური კოლეჯი. მისი სტილი გაჯერებულია ჩინური ელემენტებით (მაგალითად, პეკინის ოპერა, ეთნიკური უმცირესობების ტრადიციული სტილები, ჩინური კლასიკური ორკესტრი).

ვანგ ლიჰომის დებიუტი 1995 წელს შედგა და მას შემდეგ მან 25-ზე მეტი ალბომი გამოუშვა, რომელთა გაყიდვის მაჩვენებელი მთლიანობაში 50 მილიონს აჭარბებს. ის ასევე არის ტაივანის მუსიკალური ჯილდოს, „ოქროს მელოდიის“ (ამერიკული „გრემის“ ანალოგი) ოთხგზის გამარჯვებული და 19-გზის ნომინანტი. მისი კონცერტები ანშლაგით ტარდება აზიის ქვეყნების მრავალათასიან დარბაზებსა და სტადიონებზე. ვანგ ლიჰომს მინიჭებული აქვს უილიამსისა და ბერკლის მუსიკალური კოლეჯების საპატიო დოქტორის წოდება.

2-მილიარდიანი მსმენელით იგი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსია და აზიურ სამყაროში თავისი მნიშვნელობითა და პოპულარობით შეიძლება ყველასთვის ცნობილ მაიკლ ჯექსონს შევადაროთ.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

გიორგი მიქაძესთან ინტერვიუს შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ ლინკზე:  http://www.myvideo.ge/tv/pirvelitv/2019-12-25/12:34:01 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close