fbpx
მოგზაურობამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

მდიდრული დასვენება პლასტმასის ბოთლების კუნძულზე

თუ პოპულარულ კურორტზე დაისვენება გსურთ, მაგრამ საკუთარი აგარაკის შესაძენად საკმარისი თანხა არ გაქვთ, მაგალითი შეგიძლიათ ფრანგ ბიზნესმენ ერიკ ბრეკერისგან აიღოთ.

ტურისტებისთვის მისი ახალი სასტუმრო აფრიკის ცნობილი სახელმწიფოს – კოტ დ’ივუარის (სპილოს ძვლის სანაპირო) ტერიტორიაზე მდებარეობს. ფრანგმა არ მოინდომა ფული დაეხარჯა საკურორტო ზონაში მიწის ყიდვაზე და ძვირადღირებული სასტუმრო ზედ ზღვაზე გააშენა, პრაქტიკულად – საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე.

სამშენებლო ბაზად ნახმარი პლასტმასის ბოთლები გამოიყენეს. ამისთვის 700 ათასი (!) ბოთლი დასჭირდათ. 200-ტონიან მცურავ პონტონზე აშენდა სასტუმრო, კარაოკე ბარი და სუფთა წყლით სავსე ორი საცურაო აუზი.

შენობების უმეტესობა ხისაა, ისევე როგორც ბილიკები ადგილებს შორის. კუნძულს სასმელი წყალი აბიჯანიდან (ქვეყნის ეკონომიკური დედაქალაქი) მიეწოდება, ავტონომიურ ელექტროენერგიას კი მზის პანელებისგან იღებენ. კუნძული კარგადაა გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ტურიზმის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.

კუნძულზე დასვენება დღიურად ტურისტს 100 დოლარი უჯდება. ისინი კი, ვისაც აქ მხოლოდ ერთი დღის გატარება სურს, აუზში ცურვისა და გარუჯვისთვის 25 დოლარს იხდიან. ამ თანხაში შედის საკვები და ბორნის მომსახურება.

მცურავი კუნძული აბიჯანთან ძალიან ახლოს მდებარეობს. აქედან გამომდინარე, კუნძულს ტურისტები არ აკლია. სასტუმროს კვირაში ასამდე ადამიანი სტუმრობს. ჩამოდიან გარემოსდამცველებიც სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ მათი გამოცდილება გაიზიარონ.

მეპატრონე ჯერ კიდევ არ მიიჩნევს თავის „სამოთხეს“ სრულყოფილად და მუდმივად ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობს. ახლა ბრეკერი ცდილობს ისეთი დანადგარების გამოყენებას, რომლებიც საკანალიზაციო ნარჩენებს მცენარეების კომპოსტად გადაამუშავებს. ეს მას საშუალებას მისცემს, კუნძულის კანალიზაციის მასა ზღვაში არ ჩაუშვას, როგორც ამას ადგილობრივი დასასვენებელი სახლების უმეტესობა აკეთებს.

მცურავი კუნძული შესანიშნავი გამოსავალია უსარგებლო პლასტმასის ასათვისებლად, რომელიც ამჟამად მსოფლიო ოკეანეს აბინძურებს. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ მისი ინიციატივა სხვა საქმიან ადამიანებს მისაბაძ მაგალითად გამოადგებათ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close