newsსაქართველო

ვაკეში, მე-12 სართულზე ოჯახს ბინაში 100-მდე ღამურა შეუფრინდა

ვაკეში, ნინა ჟვანიას ქუჩაზე მდებარე 15-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, რომელიც მე-12 სართულზე მდებარეობს, 100-მდე ღამურა შეფრინდა და ოჯახი პანიკაში ჩააგდო.

შემთხვევა 16 დეკემბერს ღამის საათებში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვრებს ოჯახი და კორპუსის დაცვის თანამშრომელი მთელი ღამე ფანჯრიდან ერეკებოდნენ, აქა-იქ შემორჩენილი ღამურები ოთახებში დღესაც ჩნდებიან.

როგორც „ინფო ფოსტალიონთან“ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ღამურები სველი წერტილის პატარა ფანჯრიდან შემოფრინდნენ.  პირველად დაახლოებით 4 ან 5 ფრინველი შენიშნეს და აბაზანის კარი სასწრაფოდ გამოკეტეს იმ იმედით, რომ სიბნელეში ღამურები ისევ უკან გაფრინდებოდნენ, თუმცა ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ ისინი პირიქით, გამრავლდნენ.

„კარი რომ გავაღეთ, მთელი აბაზანა სავსე იყო, ბევრმა გამოფრენა მოახერხა, ზოგი მოცოცავდა, ყველა მხრიდან გამოდიდოდნენ, საშინელება იყო“, – ამბობს ოჯახის წევრი.

ოჯახმა დახმარებისთვის შესაბამისი სამსახურის ძებნა დაიწყო, 09-ში 24-საათიანი სადეზინფექციო სამსახურის ტელეფონის ნომერი მისცეს, თუმცა აღნიშნულ ნომერზე უპასუხეს, რომ ღამე ადგილზე არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, დახმარებაზეც უარი უთხრეს, თუმცა ისიც დააყოლეს, რომ ვერც მეორე დღეს მივიდოდნენ, რადგან ღამურების მოსაძებნად არ დადიან. ურჩიეს, რომ კბენის შემთხვევაში ცოფზე აცრილიყვნენ.

ოჯახი ამბობს, რომ თავს სრულიად დაუცველად გრძნობს, რადგან მეორე დღეს ერთი ღამურა იმ საბნიდანაც კი გამოფრინდა, რომელიც ძილის დროს ეფარათ. ბინა საკმაოდ დიდია და მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ეძებენ, თითქმის ყოველდღე, შებინდებისას 1 ან 2 ღამურა საიდანღაც გამოდის და აქტიურად იწყებს ფერნას ოთახებში. ერთი მათგანი უნიტაზში ჩავარდნილიც იპოვეს.

ოჯახმა დახმარებისთვის ზოოპარკსაც მიმართა, სწორედ მათ დააკავშირეს სპეციალისტს, რომელმაც ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ღამურების ამგვარი ქცევის მიზეზებზე, რჩევაც მისცა და შემოსევის განმეორების შემთხვევაში, შეჰპირდა, რომ დასახმარებლად მივიდოდა.

​„ღამურების სპეციალისტი, ბატონი სოსო ძალიან გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, როგორც მან განგვიმარტა, ზამთარში ღამურების ასეთი შემოსევის სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ვიღაცამ მახლობლად მდებარე ბუდე დაუნგრია და მთელი ჯოგი იქ შეფრინდა გამოსაზამთრებლად, სადაც შესვლა მოახერხა. მისი თქმით, მართალია, საქართველოში ღამურების ცოფის შემთხვევა დაფიქსირებული არ არის, მაგრამ გაკაწვრის შემთხვევაში აცრა მაინც საჭიროა თავის დაზღვევის მიზნით. ზამთარში ღამურებს რამდენიმე თვის განმავლობაში სძინავთ, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ბუდეში სიცივეა. ბინაში კი, სადაც სითბოა, ისინი მხოლოდ დღისით იძინებენ, ღამე კი აქტიურები არიან, საკვების საშოვნელად გამოდიან და მწერებს ეძებენ. გვითხრა, რომ არანაირი მეთოდი იმისა, რომ დამალული ღამურა გამოიტყუოთ, არ არსებობს გარდა იმისა, რომ ვეძებოთ და მივაგნოთ, ან დაველოდოთ, როდის გამოფრინდება და გავაგდოთ გარეთ. რაც შეეხება თმებში ჩაფრენას, ეს მითი არ ყოფილა. თმა ულტრაბგერებს ატარებს და ღამურა ვერ აღიქვამს, ამიტომ შესაძლებელია, თმაზე შეგეხოთ და შემდეგ კი, პანიკაში ჩავარდნილმა, აღარ გაგიშვათ“, – გვითხრა ოჯახის წევრმა.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა google-ში იძებნება, კერძოდ, ურალში, ერთ-ერთ ოჯახში ღამე იმდენი ღამურა შეფრინდა, რომ ოჯახი იძულებული გახდა, ღამე ბინიდან გაქცეულიყვნენ. რაც შეეხება საქართველოს, ასეთი რაოდენობით ღამურების თავდასხმის ფაქტი ოჯახმა ვერსად მოიძია.

infopostalioni.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close