fbpx
საზოგადოებასამზარეულოსაქართველო

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა ბარაქის მოსაზიდად? – რჩევები რეკომენდებული კერძის რეცეპტით

ახალი, 2020 წლის სიმბოლო, ჩინური კალენდრით, მოგეხსენებათ, თეთრი ლითონის ვირთხაა. რა უნდა დავდგათ მაგიდაზე, როგორ გავაწყოთ სადღესასწაულო სუფრა ისე, რომ წლის სიმბოლოს „ვასიამოვნოთ“ და მთელმა წელმა ბედნიერად ჩაიაროს?

თურმე თეთრ ვირთხას უყვარს უყვართ ფუფუნება, სილამაზე და დახვეწილობა, ღია ფერები და გემრიელი საჭმელი. ახალი წლის ღამეს, მაგიდის გაშლისას, პირველ რიგში, სუფრის გადასაფარებელზე იზრუნეთ და უპირატესობა თეთრს ან ვერცხლისფერს მიანიჭეთ.

ჭურჭელი და ხელსახოციც უმჯობესია თეთრი ან ვერცხლისფერი იყოს, რათა ფინანსები მოიზიდოთ. მაგიდა ბროლითა და ვერცხლით გააწყვეთ, გამოიღეთ კარადიდან საუკეთესო ჭურჭელი, მაგიდის დეკორაციებსაც ნუ დაივიწყებთ. ლითონის ვირთხას მოსწონს ყველაფერი, რაც ბრწყინავს და ელვარებს. ასევე, კარგი იქნება, თუ მაგიდის შუაში ლითონის ვაზას ჩადგამთ, რომელზეც ხორბალს, ბრინჯს, წიწიბურას, სიმინდს და სხვადასხვა ნომინალის მონეტებს მოათავსებთ.

ბევრი ხორცი და თევზი

საახალწლო სუფრა ხორცისა და თევზის კერძებით უნდა გამოირჩეოდეს. ისინი ცხიმიანი არ უნდა იყოს. შეეცადეთ ეს კერძები დიდი რაოდენობით სუნელებით და სანელებლებით არ შეაზავოთ – ვირთხას ცხარე კერძები არ მოსწონს. სხვათა შორის, ის აღფრთოვანებული არ არის გვირილითა და პიტნით, ასე რომ, სულგუნის ფირფიტებში შეხვეული პიტნიანი ნადუღი, რომელიც ასე უყვარს ყველას, ამჯერად დაივიწყეთ.

მაინც რა არის განსაკუთრებით შესაფერისი და მისაღები 2020 წელს საახალწლო სუფრისთვის, რათა წარმატებები მივიზიდოთ? პირველ რიგში, ჰაერღუმელში შემწვარი ფრინველი.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს ცხელი კერძის გვერდით ბრინჯი, რომელიც შეიძლება ჩაშუშულ ბოსტნეულთან ერთად მოვამზადოთ. ზოგადად, ვირთხას მარცვლეული უყვარს, ამიტომ მინიმუმ ერთ კერძში მაინც უნდა იყოს რომელიმე მარცვლეული წარმოდგენილი.

რაც შეეხება თევზს, 2020 წლის საახალწლო სუფრაზე ყველაზე მეტად მისაღებია სკუმბრია. შეწვით თევზი ფოლგაში და მიიტანეთ სუფრაზე სოკოსა და დაჭრილ ბოსტნეულთან ერთად.

ნაკლები ალკოჰოლი

ვირთხას „არ მოსწონს“ ძლიერი ალკოჰოლური სასმელები, ამიტომ უმჯობესია უარი თქვათ მათზე საახალწლო საღამოს. უკეთესი იქნება, კოქტეილები მოამზადოთ და მიიტანოთ მაგიდაზე მსუბუქ ღვინოსა და შამპანურთან ერთად – ტრადიციის მიხედვით, ერთი ჭიქა შამპანური აუცილებლად უნდა დალიოთ იმ წუთებში, სანამ საათის კურანტები 12-ჯერ ჩამოკრავს.

ნუ დაივიწყებთ უალკოჰოლო სასმელებს. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა სახის წვენები და წყალი. კარგი იქნება კომპოტი და ლიმონათი. საახალწლო წვეულების დასასრულს, როდესაც დესერტის დრო დადგება, მიირთვით ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.

ყველანაირი ყველი

თეთრი ვირთხის საყვარელი საჭმელი, რა თქმა უნდა, ყველია! ასე რომ, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი სუფრაზე მიტანა. შესაფერისია ყველანაირი ყველი – როგორც რბილი, ისე მაგარი. ყველთან ახლოს მოათავსეთ თაფლი, ხილი ან კაკალი – ვირთხის გულს მოიგებთ!

სხვათა შორის, შეგიძლიათ ყველი ალტერნატიული სახით მიიტანოთ – თევზით. მაგალითად, მოამზადეთ სალათა, სადაც ეს ორი ინგრედიენტი იქნება, ან გააკეთეთ დელიკატესი ორაგულით და ყველით – კერძი ნამდვილი გურმანებისთვის.

მეტი მრავალფეროვნება

შეეცადეთ, რომ სადღესაწაულო მაგიდა მრავალფეროვანი იყოს. ვირთხას მოსწონს, როდესაც მაცივარი სავსეა და მაგიდაზე ახალი კერძი უნდა მიიტანოთ, მათ შორის, ოლივიე და ხიზილალა, ტარტალეტკები, ლაბასხმული (ე. წ. „ხალადეცი“). ნურც სალათებს დაივიწყებთ: მოამზადეთ ისინი პატარა თასებზე – ვირთხას სიუხვე და ჭამა კი უყვარს, მაგრამ ბევრს არ ჭამს.

ყველაზე შესაფერისი კერძი იქნება ის, რომლის მთავარი ფერებია ყვითელი და ნარინჯისფერი – ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ბულგარული წიწაკა, გოგრა, ფორთოხალი და სტაფილო. საახალწლო სუფრისთვის ხორცით ან სოკოთი (ან ორივეთი ერთად) ფარშირებული, ჰაერღუმელში გამომცხვარი მთლიანი გოგრა ნამდვილი დელიკატესი იქნება! (რეცეპტი იხ. სტატიის ბოლოს).

სუფრაზე თხილეული და ჩირის მრავალფეროვანი არჩევანიც უნდა გქონდეთ. ჩადგით ისინი მაგიდის სხვადასხვა ადგილას. სადღესასწაულო სუფრაზე, რა თქმა უნდა, ტკბილეულიც უხვად უნდა იყოს – ჩინეთში ტკბილეული ბედნიერებისა და მყარი ოჯახური ურთიერთობის სიმბოლოა. გოზინაყზე აღარაფერს ვამბობთ, ცხადია, გოზინაყი ქართული საახალწლო სუფრის ტკბილეულის მეფეა და მას ვერაფერი შეცვლის.

სადღესასწაულო სუფრის ალაგების შემდეგ მაგიდა ცარიელი არ დატოვოთ. ვირთხის საყვარელი მარცვლეული და თხილეული სუფრაზე აუცილებლად დატოვეთ მონეტებთან ერთად. ჩინელების რწმენით, ასეთ შემთხვევაში თეთრი ლითონის ვირთხა იზრუნებს თქვენზე და თქვენს ოჯახზე, რომ ფინანსურად გაძლიერდეთ!

ბედნიერ, ნაყოფიერ, მშვიდობიან, წარმატებულ 2020 წელს გისურვებთ!

თამთა გურული

p. s. ახლა კი დაპირებული ფარშირებული გოგრის რეცეპტი (შეგიძლიათ ინტერპრეტაციაც და ფარშის თქვენი გემოვნებით მომზადება, მაგალითად, ბრინჯით):

დაგჭირდებათ: დაახლოებით 2 კგ-იანი გოგრა, 1 კგ ღორის ხორცი, ერთი თავი ხახვი, ერთი ცალი მოზრდილი სტაფილო, ერთი ბულგარული წიწაკა (ან სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკების ნაჭრები – მთლიანობაში ერთი ცალი რომ გამოვიდეს), 2 სუფრის კოვზი რაფინირებული მცენარეული ზეთი, 2 კბილი ნიორი, ერთი კონა ოხრახუში, 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი, ცხარე წითელი წიწაკა და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: თავიდან გოგრას თავი მოაჭერით (ზედა ნაწილი ქვაბის თავსახურივით რომ გამოიყენოთ); კოვზით კარგად ამოასუფთავეთ თესლები და შიგთავსი, რომელიც გამოუსადეგარია.

ამის შემდეგ დაიწყეთ ფარშის მომზადება: დაჭერით ღორის უძვლო ხორცი დაახლოებით 3-4 სმ-იან ნაჭრებად, ღრმა ტაფაში ჩაასხით რაფინირებული ზეთი (მზესუმზირის ან სიმინდის ჯობია) და მასში ნაწილ-ნაწილ მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ ღორის ხორცის ნაჭრები (ტაფის ძირზე რაც დაეტევა, ერთ ჯერზე იმდენი ჩაყარეთ, რათა დაბრაწული კანი გაუკეთდეს და შიგნით წვნიანი დარჩეს; ერთიანად არ ჩაყაროთ, თორემ კი არ დაიბრაწება, ჩაიშუშება). შემდეგ ეს დაბრაწული ნაჭრები ღრმა თასში მოათავსეთ.

ამის შემდეგ ბოსტნეული დაამუშავეთ: დაჭერით წვრილად ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა, გადაიტანეთ ტაფაზე, რომელზეც ხორცი შეწვით და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ (ტაფაზე ცხიმი იქნება დარჩენილი და იმ ცხიმში შუშეთ). ოქროსფრად მოშუშული ბოსტნეული იმავე ჯამში მოათავსეთ, სადაც ხორცია.

შემდეგ დაჭერით 2 მოზრდილი კბილი ნიორი და ერთი კონა ოხრახუში (ან სხვა მწვანილი, რომელიც გირჩევნიათ – მაგ., ქინძი), დააყარეთ ესენიც ხორცს და ბოსტნეულს, მოაფრქვიეთ ერთი არასავსე ჩაის კოვზი სუფრის მარილი, ცხარე წითელი წიწაკა და შავი პილპილი – გემოვნებით; შეგიძლიათ ხმელი ქინძი ან სხვა სუნელიც უყოთ, თუ გიყვართ. ერთმანეთში კარგად აურიეთ ფარში და შემდეგ ამ ფარშით ამოავსეთ  წინასწარ გამზადებული გოგრა-ქვაბი – ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გოგრა კარგად გაივსება.

თავზე დაახურეთ გოგრისვე თავსაფარი, ჟარუნას დააფინეთ საცხობი ქაღალდი, მოათავსეთ ზედ გოგრა, შედგით წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში და აცხვეთ 180 გრადუსზე – დაახლოებით 1,5 საათი დასჭირდება. შეგიძლიათ მწვანე ზეთისხილით და სიმინდის მარცვლებითაც გააფორმოთ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close