დღის თემასაზოგადოებაჩვენი ფავორიტისაქართველო

ახალი წლის ღამე: როგორ მოვიზიდოთ ფინანსები, წარმატება და კეთილდღეობა მომავალ წელს

არსებობს უამრავი საახალწლო რწმენა (თუ ცრურწმენა – ვის როგორ მიაჩნია) და განსაკუთრებული ნიშანი, რაც სრულიად გასაგებია: ადამიანები ცდილობენ, ახალ წელს მაქსიმალურად კეთილისმყოფელი ენერგიის აკუმულირება მოახდინონ თავიანთ გარშემო და წარმატება და ფინანსები მოიზიდონ.

ახალი წელი მართლაც ჯადოსნური დღესასწაულია, რომელსაც სიხარულით და უკეთესი მომავლის რწმენით უნდა შევხვდეთ.

რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს, რომ დამდეგი ახალი წელი ბარაქის, კეთილდღეობის, სიხარულის და წარმატების მომტანი იყოს?

ყველაზე კარგი იქნება, თუ წინასწარ, ახალი წლის დადგომამდე გათავისუფლდებით ძველი, გაცვეთილი, გატეხილი, გაბზარული და სრულიად უსარგებლო ნივთებისგან, რომლებსაც დიდი ხანია არ იყენებთ, მაგრამ გადაყრა გენანებათ. მოუსვით ხელი და გადაყარეთ, უკან ნუ დაიხევთ (სწორედ ასე იქცევიან იტალიელები). ასე სახლში ენერგეტიკულ სისუფთავეს დაამყარებთ და სივრცეს გაათავისუფლებთ სასიხარულო, სასიამოვნო სიახლეებისათვის, ახალი შენაძენებისა და შემოსავლებისთვის. ეს 31 დეკემბრამდე გააკეთეთ, 31 დეკემბერს კი ეცადეთ არ დაიტვირთოთ, რომ მთელი მომავალი წელიც მძიმე და დატვირთული არ გქონდეთ.

ჩინელი დიასახლისები ყოველ ახალ წელს წითელი ქსოვილისგან პატარა ტომსიკას კერავენ, შიგ ლითონის ფულს ყრიან და ბრინჯის საცავში ათავსებენ. ტომსიკას ყოველ წელს ცვლიან. მათი რწმენით, ასე ბარაქას და კეთილდღეობას იზიდავენ.

სუფრა უხვი უნდა იყოს – საჭმელი, დესერტი, ტკბილეული. არავითარ შემთხვევაში არ მიიტანოთ ახალი წლის სუფრაზე კიბორჩხალები, თორემ მომავალ წელს „უკუსვლა“ დაგებედებათ. ხორციანი კერძები ბოსტნეულით კი ნამდვილად ის არის, რაც ახალი წლის სუფრაზე გჭირდებათ.

სასურველია საახალწლო სუფრაზე იყოს გახლეჩილი ბროწეული და გოგრის თესლიც (ე. წ. „წერეთლის მწვადები“), ბარაქა იცის; თაფლისა და კაკლის, ვარდის ან რომელიმე სხვა მურაბის აუცილებლობის შესახებ ხომ ყველა ჩვენგანმა ვიცით ბებიებისგან (გოზინაყზე აღარაფერს ვამბობთ).

აგრეთვე, კარგია საახალწლო სუფრაზე ანანასი, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო ფენ-შიუს მიხედვით (მომავალი წელი ნაყოფიერი იქნება); კომში – მტკიცე ქორწინების სიმბოლოა, ფორთოხალი – ოქროს, ხურმა – სიხარულის, ვაშლი – სიუხვის, სიხარულის, სიყვარულის, სიბრძნის და ცოდნის, ყურძენი – ბარაქის და მხიარულების.

ტრადიციულად, ითვლება, რომ ვის ბოკალშიც სასმელთან ერთად ბოთლიდან ნალექი მოხვდება, მისთვის ახალი წელი ყველაზე ბედნიერი და წარმატებული იქნება.

ფულთან დაკავშირებული ნიშნები

კარგი ნიშანია, როდესაც ახალი წლის დადგომისას საფულეში ან ჯიბეში ნაღდი ფული გიდევთ. ეს მომავალ წელს ფინანსებს მოგიზიდავთ.

ცარიელი ჯიბეები ახალ წელს – ცუდის მომასწავებელია, რადგან მთელი მომავალი წელი ასეთი „გამოფხეკილი“ იქნება.

ახალ წლამდე აუცილებელია ყველა ვალის გასტუმრება, რათა მომავალში ვალებისგან დაცული იყოთ.

ახალი წლის წინ არ არის სასურველი არც ფულის, არც სხვა რაიმეს გასესხება.

მოვაჭრეებისთვის კარგი ნიშანია, თუ ახალ წელს პირველ მყიდველს დიდი ფასდაკლებით გაატანენ სასურველ ნივთს, ასე ისინი მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად კარგ გაყიდვებს და ფინანსურ შემოსავალს უზრუნველყოფენ.

ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს ასეთი ნიშანიც: ახალი წლის დადგომამდე, როდესაც ბოლო წუთის ათვლა დაიწყება, ბოკალის ძირში უნდა მოათავსოთ წინასწარ გასუფთავებული, საჭმელი სოდით კარგად გახეხილი მონეტა, მაგალითად, 2-ლარიანი ან 2-ევროანი (ევროს ზონაში მყოფებმა 🙂 ). როდესაც ახალი წლის კურანტები ჩამოკრავს, ბოკალში ჩასხმულ სასმელს დალევთ, მონეტას კი ამოიღებთ, საფულეში შეინახავთ და მთელი წლის განმავლობაში გექნებათ.

რაც უფრო ბევრი მეგობარი და ახლობელი გეწვევათ და რაც უფრო მხიარული კამპანია შეიკრიბება, მით უფრო მხიარული და შესანიშნავი ურთიერთობებით სავსე გექნებათ მთელი მომავალი წელი.

ასევე, ძალიან პოპულარულია ახალი წლის დადგომისას სურვილის ჩაფიქრება, ოღონდ ყველაზე გულითადი სურვილი უნდა ჩაიფიქროთ, რომ აგისრულდეთ.

ცნობილია ასეთი რწმენაც: ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე სწრაფად უნდა გაარჩიოთ მანდარინი ან ფორთოხალი და ნაძვის ხის ქვეშ მოათავსოთ. თუ ამას მოასწრებთ, ახალი წელი თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება.

ბედნიერების მოზიდვა სახლში შესაძლებელია, თუ ახალი წლის დადგომისთანავე ფართოდ გააღებთ შესასვლელ კარს ან ფანჯრებს.

ფინანსების მოზიდვა შეგიძლიათ ახალი წლის დადგომისას, ზუსტად 12 საათზე ჯიბეში ლითონის მონეტების გაჩხარუნებით.

ბედისგან დასაჩუქრდებით, თუ ახალი წლის ღამეს გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებით საკვებით, სამოსით ან თანხით – ოღონდ ეს რაც შეიძლება შეუმჩნევლად უნდა გააკეთოთ.

მშვიდობიანი, ბედნიერი, წარმატებული, ბარაქიანი და შემოსავლიანი ყოფილიყოს თქვენთვის დამდეგი 2020 წელი. აგსრულებოდეთ ყველაზე სანუკვარი სურვილები!

თამთა გურული 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close