fbpx
კრიმინალისაქართველო

პირს, რომელმაც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, სავარაუდოდ, ე. წ. „კანონიერი ქურდობა“ სურს (ვიდეო)

გამოცემა „ტაბულა“ წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ინფორმირებული წყაროსგან მიღებული ცნობით, პირს, რომელმაც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, ე. წ. „კანონიერი ქურდობ“ სურს და დანაშაულიც სწორედ ამიტომ ჩაიდინა.

მისი თქმით, პოლიცია ამუშავებს ვერსიას, რომ ბრალდებული გელა ჭაღალიძე​ ე. წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ლავასოღისთან და თამაზ ქარცივაძესთან, იგივე კუსასთან დაახლოებული პირია და ე. წ. კანონიერი ქურდის სტატუსის მოპოვებას პოლიციელის დაჭრითა და ციხეში მოხვედრით ცდილობდა.

მისივე თქმით, ჭაღალიძე ამ დრომდე დაპატიმრებული არ ყოფილა და მისი ყველა დანაშაული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიცირდებოდა.

წყარო ამბობს, რომ პოლიციელის დაჭრა როგორც ციხეში მოსახვედრად, ისე „ქურდის“ წოდების მისაღებად კრიმინალურ წრეებში „საუკეთესო ხერხად“ ითვლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ტაბულას“ უთხრა, რომ მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის გარდა სხვა ცნობებს ვერ მიაწვდის და ვერც „ტაბულას“ ინფორმაციას დაადასტურებს.

პოლიციელი კისრის არეში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 18 დეკემბერს, საღამოს დაჭრეს. დაკავებულია 1 ადამიანი. ღრმა ჭრილობა ბასრი იარაღით იყო მიყენებული.

თავდასხმის კადრები „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე პატრულის მანქანას აჩერებს, შემდეგ მანქანიდან გადმოსულ პოლიციელს თავს ესხმის, დაჭრილი პოლიციელის მეწყვილე კი მას ადგილზევე აკავებს.

P.S. ინფო: ბათუმში დაჭრილი პოლიციელი, ოთარ თავართქილაძე საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციელის დაჭრის ფაქტს ბევრი ადამიანი შეესწრო. ადგილზე გამვლელები შეიკრიბნენ და მათი უმრავლესობა აუღელვებლად ადევნებდა თვალს, როგორ ჰყავდა დაკავებული დამნაშავე ერთ პოლიციელს და როგორ იცლებოდა მეორე სისხლისგან. დახმარებას არავინ ჩქარობდა… რომ არა შემთხვევითი გამვლელი რაულ თებიძე, რომელიც იმ დროს სამუშაოდან ბრუნდბოდა, ოთარ თავართქილაძე ალბათ ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდა.

41 წლის რაულ თებიძე ბათუმში ხელოსნად მუშაობს. ის ამ დანაშაულს სრულიად შემთხვევით შეესწრო, თუმცა თავად დაჭრის ფაქტზე არანაკლებ იქვე მყოფი საზოგადოების რეაქციამ გააოგნა. აი, რა  მოუყვა მან „პრაიმტაიმს“.

რაულ თებიძე, თვითმხილველი:

„შევესწარი, რომ შველას ითხოვდა პატრული, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, პატრული იყო თუ ვინმე სხვა, ყველა ხომ ადამიანია. ხალხი იდგა გარშემო და უბრალოდ უყურებდნენ – გეგონება კონცერტი იყო, არავინ ცდილობდა ხელის შეშველებას. ღობიდან გადავხტი და მაშინვე არტერიაზე მოვუჭირე ხელი, ვცდილობდი მაქსიმალურად შემეჩერებინა სისხლდენა. ჩავსვათ მანქანაში და წავიყვანოთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში-თქო, დავიყვირე. სხვა შემთხვევაში აზრი აღარ ჰქონდა, სანამ „სკორი“ მოვიდოდა, დაიღუპებოდა ეს ბიჭი. აჭარის პოლიციის უფროსი მოვიდა უცებ ადგილზე, მე და მან გადავიყვანეთ მანქანით. უკან ჩავსვით დაჭრილი და რაც შეიძლება ვუჭერდი არტერიაზე, რომ სისხლი შემეჩერებინა. გზად უკვე გონს კარგავდა, ხრიალებდა და მითხრა, ჩემს ოჯახს დაეხმარეო. ალბათ, მეც თანამშრომელი ვეგონე და ოჯახზე ეფიქრებოდა“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close