fbpx
საზოგადოებასაქართველო

„სიმართლე 15 წლის ლუკაზე“ – მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა ცადა, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის ლუკა სირაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას 17 დეკემბერს ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდის მკურნალობაში უცხოეთიდან მოწვეული ექიმებიც იყვნენ ჩართულნი.

„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს მამა გარდაეცვალა და სწავლის საფასურის გადახდა ოჯახმა ვეღარ შეძლო.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის ყოფილმა კლასელმა გოგონამ, სავარაუდოდ, ვენები გადაიჭრა. როგორც „ეSპერსონას“ წყარო უყვება, გოგონა სკოლის დირექტორმა კედლებზე გაკეთებული წარწერების შემდეგ გამოკითხა.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

15 წლის მოზარდის საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით 17 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

დაკავებული მარიანა ჩოლოიანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა ცადა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 10-11 დეკემბერს ბიჭის გამოკითხვა. 15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედლებზე, კლასებში და დაფებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერების – „ამ ცხოვრების დედაც“, „აბა დამიჭირეთ“, „Hot Shot“, „Fack the Law“… – ჯამში, რამდენიმე ათეული წარწერის გაკეთებას ედავებოდა. ადვოკატის თქმით, დაკითხვის დროს მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

nostal.ge სრულად იზიარებს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის „სიმართლეს 15 წლის ლუკაზე“:

„არ არსებობენ რთული ბავშვები. ვარსებობთ ჩვენ, რთული უფროსები, რომლებიც უცებ ვივიწყებთ, რომ გუშინ ზუსტად მათი მსგავსი ვიყავით.

ამ ბავშვს ყველამ ერთად ვკარით ხელი იმ ფანჯარასთან და ყველა მკვლელები ვართ – ყოველგვარი ლიტერატურული კეკლუცობის გარეშე.

სანამ არ ვისწავლით, რომ სხვადასხვა მოზარდთან ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვანაირად დაისმის, არაფერი გვეშველება და ვიდგებით ასე უდროო და სასტიკ სიკვდილთან პირისპირ და უკვე მიხურულ კარზე ვაკაკუნებთ“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close