ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 13 დეკემბერს გაიმართება
9 დეკემბერს ერთი თვე შესრულდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებიდან.
ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე. წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ასათიანმა განუცხადა.
„ცხინვალის ე. წ. სასამართლოს პროგნოზირება ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგან მთელი საერთაშორისო სამართლიდან ამოვარდნილია და ყველა ეს პროცედურა უკანონოა, თუმცა ადვოკატი ჩვენთან კომუნიკაციაშია. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს, პარასკევს გაიმართება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს“ ,- აღნიშნა დავით ასათიანმა.
ოპტიმისტურადაა განწყობილი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, პარასკევს გათავისუფლდება.
„მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.
შეგახსენებთ,რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფებოდა. ის რუსეთის პოლიტიკური წრეების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს.
ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე. წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და, შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები