fbpx
კინო/ფილმებირას არ გაიგებ/ფაქტები

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობების საყვარელი კერძები

ალბათ არავინ დავობს იმაზე, რომ ცნობილი სერიალი – „სამეფო კარის თამაშები“ უამრავი გულშემატკივრისთვის ცხოვრების ნაწილი გახდა. საკულტო ფენტეზი-საგას თანამოაზრეებისა და ფანატების ამოცნობა იოლია: მათი სოციალური ქსელის კედლების 90% სერიალის შესახებ ინფორმაციას უკავია. ისინი უმცირესი დეტალებითაც კი ინტერესდებიან, იქნება ეს თავად ფილმისა თუ მასში მონაწილე მსახიობების ცხოვრების შესახებ.

მსახიობები ამბობენ, რომ სცენური სახეები მათთვის უკვე „მეორე მე“ გახდა. ბევრისთვის ეს პირველი როლი იყო – და მაშინვე ასეთი წარმატება ხვდათ წილად. მეისი უილიამსი, სოფი თერნერი, ისააკ ჰემფსთიდ-რაითი და სხვა ბავშვი მსახიობები გადასაღებ მოედანზე გაიზარდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: თამაშობდნენ, ერთობოდნენ, თვლემდნენ და ჭამდნენ სცენების გადაღებებს შორის. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ბევრისთვის საყვარელი მსახიობების მენიუც ძალზე საინტერესოა.

ჯეისონ მომოა (კჰალი დროგო)

„ჩემი ცხოვრების მთვარევ, ჩემო მზეო და ვარსკვლავო“, – ეს ის ფრაზაა, რომელსაც ახლა ალბათ ამ სერიალით შეპყრობილი ყველა შეყვარებული წყვილი იყენებს. ასე მიმართავდნენ ერთმანეთს ერთი შეხედვით მოუხეშავი კჰალი და მისი მინიატურული კჰალისი. სერიალმა ყველასთვის უცნობი ჰავაიელი ჯეისონ მომოა უცებ აქცია კინოაღმოჩენად.

სიმპათიური მსახიობი მკაცრად აკონტროლებს კვებას. მის რაციონში ბევრი ბოსტნეული და ხილი, ავოკადო, სტეიკები და ზეითუნის ზეთი შედის.

ლინა ჰეიდი (სერსეა ლანისტერი)

ამბობენ, რომ სასტიკი ადამიანები დიდი რაოდენობით მიირთმევენ ხორცს. დიახ, იქნებ სერსეა ლანისტერი მხოლოდ ხორცს ჭამს და დიდი ბოკალებით ღვინოს აყოლებს, მაგრამ ბრიტანელი მსახიობი ლინა ჰეიდი უკვე კარგა ხანია, ვეგეტარიანელთა რიგებშია. სხვათა შორის, ცხოვრებაში ის ეკრანული გმირის სრული ანტიპოდია.

პირველ სეზონში რეჟისორმა ლინა ჰეიდის შესთავაზა, კურდღლის გატყავების სცენა გადაეღოთ. მსახიობმა ამაზე უარი თქვა და ცხოველი სახლში წაიყვანა.

შონ ბინი (ედარდ სტარკი)

მსახიობები შონის შესახებ ხშირად ხუმრობენ იმის გამო, რომ თითქმის ყველა ფილმში მისი პერსონაჟი კვდება. არც „სამეფო კარის თამაშების“ ქასთინგის დროს უფიქრიათ დიდხანს, თუ ვინ უნდა მიეწვიათ ედარდ სტარკის როლზე: „მეგობრებო, ამ ბიჭს სიკვდილით ვერ გააკვირვებ!” ჩრდილოეთის მცველის გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო მისი ყველა თაყვანისმცემელი, თავად შონი კი აღიარებს, რომ ეს საუკეთესო როლია მის კარიერაში.

შონ ბინი ფეხბურთის ფანია. ის ხშირად სტუმრობს მეგობრებთან ერთად თავის საყვარელ ბარს და, რა თქმა უნდა, უკვეთავს კარტოფილის ჩიფსებსა და თევზის ჩხირებს სპეციალური სოუსით, ასევე მისი საყვარელი ელის რამდენიმე ბოთლს.

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ (ჯეიმი ლანისტერი)

მომხიბლავი პრინცი – სწორედ ამ ზღაპრული ტიტულით დააჯილდოეს თაყვანისმცემლებმა ჯეიმი ლანისტერი. დანიელი მსახიობს გარეგნობა მართლაც გამორჩეული აქვს. მისი ეკრანული პერსონაჟი იმდენად განვითარდა, რომ ბევრმა გულშემატკივარმა მისდამი სიძულვილი სიყვარულით ჩაანაცვლა და დაინახა, როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი ოქროსფაფრიანი ლომი, რომელიც ძლიერი დის ჩრდილიდან გამოვიდა.

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ჩინებულ ფორმას ცილოვანი დიეტის წყალობით ინარჩუნებს და დიდ დროს ატარებს სპორტულ დარბაზში. ცოტას თუ შეუძლია დაიკვეხნოს ასეთი გარეგნობით 48 წლის ასაკში.

სოფი თერნერი (სანსა სტარკი)

მომხიბლავი გოგონადან ჩრდილოეთის ძლიერ მმართველამდე გზა 8 სეზონის სიგრძის აღმოჩნდა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს. ბავშვობაში სანსას ლიმონის ნამცხვრები, ცეკვები და ნაქარგები უყვარდა და ოცნებობდა რკინის ტახტის მემკვიდრის ცოლი გამხდარიყო, სოფი თერნერი კი ძალიან განსხვავდება ამ გოგონასაგან.

ამას წინათ მან ინსტაგრამზე ძეხვის მიმოხილვის ბლოგი გახსნა. სოფის უყვარს ეს პროდუქტი და მზად არის, გამუდმებით ისაუბროს მასზე. თავის ბლოგში იგი გეგმავს პროდუქციის შეფასებას, რეკომენდაციის გაწევას და შესაძლოა მისი მომზადების განსაკუთრებული საიდუმლოებებიც გააზიაროს. ასე რომ, გელოდებით!

მეისი უილიამსი (არია სტარკი)

განებივრებული ქალბიჭა, ვირეშმაკა – პირველივე ეპიზოდებიდან  არია ის გოგონაა, რომელიც უარს ამბობს ტრადიციულ ქალურ საქმიანობებზე და უპირატესობას ხმალაობას ანიჭებს. მოგვიანებით კი იგი სასტიკ და შეუბრალებელ მკვლელად იქცევა, რომელმაც მარტოდმარტომ დაამარცხა ღამის მეფე.

რეალურ ცხოვრებაში მსახიობი ძალიან გულდასმით მისდევს დიეტას: ხილი, ბოსტნეული, ბუნებრივი წვენები, მთელმარცვლოვანი პური. მეისი გულწრფელად აღიარებს, რომ ბურგერები და შემწვარი ქათამი უყვარს. განა შესაძლებელია მისი დადანაშაულება? ვინ არ ცოდავს არაჯანსაღ საჭმელთან მიმართებაში?!

პიტერ დინკლეიჯი (ტირიონ ლანისტერი)

ტირიონი მდიდარ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ის არ უყვარდათ და „ოჯახის სირცხვილად“ თვლიდნენ. მას უახლოესი ადამიანებიც კი განიკითხავდნენ გარეგნობის გამო და ავიწყდებოდათ, რომ ადამიანში პიროვნული თვისებებია მთავარი. მრავალი განსაცდელის გავლის შემდეგ გმირმა „დედოფლის მარჯვენა ხელის“ სტატუსი და გულშემატკივრების სიყვარული მოიპოვა.

რეალურ ცხოვრებაში კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რომ ამ ადამიანით აღფრთოვანებული დარჩე: მსახიობი ბავშობაშივე გახდა ვეგეტარიანელი, რადგან, როგორც თვითონ აღიარებს, ვერასდროს შეძლებდა ზიანი მიეყენებინა ცოცხალი არსებისათვის. პიტერ დინკლეიჯს უყვარს კერძების სახლში მომზადება და მცენარეულ საკვებს ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევს.

ემილია კლარკი (დეინერის ტარგარიენი)

ტანში ჟრუანტელი დაგივლით იმის გახსენებაზე, თუ როგორ ჭამდა დეინერის ტარგარიენი კვიცის გულს პირველ სეზონში. სინამდვილეში, „გული“ მარმელადის დათუნიებისგან იყო დამზადდებული, თავად სცენა კი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა ემილიასთვის. მან „გულის“ გემო სარეცხის მათეთრებელდამატებულ გაყინულ ჯემს შეადარა.

თავად ემილიას მავნე საკვები უყვარს. მეისი უილიამსის მსგავსად ის სიამოვნებით ნთქავს  ბურგერებს და ზედ „კოკას“ აყოლებს. იმისათვის, რომ ეკრანზე შესანიშნავად გამოიყურებოდეს, მას საკუთარი თავის გაკონტროლება უწევს და ეს შესანიშნავად გამოსდის.

კით ჰარინგტონი (ჯონ სნოუ)

„სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გმირის გული დიდი ხანია, რაც მსახიობ ლესლი როუზს ეკუთვნის. მისი ეკრანული გმირის გარშემო იმდენი თეორია ტრიალებდა, რამდენიც თავად წიგნის ავტორს – ჯორჯ მარტინსაც არ დასიზმრებია! მან ედარდ სტარკის ბასტარდობიდან (უკანონო შვილი) ეიგონ ტარგარიენის რკინის ტახტის მემკვიდრემდე ურთულესი გზა განვლო.

კითი აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში მან ზედმეტი კილოგრამები „აკრიფა“ და მიხვდა, რომ თუ არაფერს გააკეთებდა, მისი სამსახიობო კარიერა საფრთხის წინაშე დადგებოდა. შემდეგ მან სრულიად უარი თქვა მარილზე და თითქმის ყოველდღე ქათმის ფილესა და ისპანახს მიირთმევდა. თუ ამას სპორტდარბაზში ვარჯიშებსაც დაამატებთ, უფრო ნათელი გახდება კით ჰარინგტონის პოპულარობის საიდუმლო.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close