რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

იტალიაში განქორწინებული მამაკაცების თავშესაფრები იხსნება

ბოლო დროს იტალიაში განქორწინებების რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა. იტალიელი მამაკაცებისთვის კი ოჯახის დანგრევა ფინანსურ ტრაგედიად მიიჩნევა. საქმე ისაა, რომ განქორწინებაზე გადასახადი დაწესდა. უფრო მეტიც, განქორწინების შემთხვევაში ქონების 60% რჩება მშობელს, რომელთანაც ბავშვები იზრდება.

გარდა ამისა, მამაკაცები ვალდებულნი არიან, განქორწინების შემთხვევაში არა მარტო ბავშვზე, არამედ ყოფილ მეუღლეზეც იზრუნონ, რაც, ბუნებრივია, ფინანსური თვალსაზრისით გამოიხატება. ეს მაშინ, როცა ყოველთვიურმა გადასახადებმა თვეში საშუალოდ შეიძლება ათას ევროს მიაღწიოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს მარტო დარჩენილი მამაკაცის ცხოვრებისთვის საჭირო თანხებიც ემატება. შესაბამისად, ზოგიერთ განქორწინებულ მამაკაცს ბინის ქირის გადახდას საკუთარ მანქანაში ძილი ურჩევნია.

რიცხვი იმ მამაკაცებისა, ვისთვისაც განქორწინება და ქონების გაყოფა პირად ტრაგედიად იქცა, წლიდან წლამდე იზრდება. როგორც განქორწინებულთა ასოციაციაში აღნიშნავენ, ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ამ პრობლემას, რომელიც ბანალური კატეგორიიდან უაღრესად სოციალურ პრობლემად გადაიქცა და, გაზვიადების გარეშე, საკმაოდ დიდი მასშტაბები შეიძინა.

სასარიში, სარდინიაზე, რიმინისა და ბოლონიაში უსახლკარო მამებისთვის სპეციალური თავშესაფრებია, სადაც მათ ბავშვების ნახვა და ფსიქოლოგთან კონსულტაციაც შეეძლებათ. ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლად სპეციალური გასართობი ადგილებიცაა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცებს აღნიშნულ თავშესაფრებში მხოლოდ 1 წლის განმავლობაში აჩერებენ, შემდეგ კი მათ არა მარტო სტაბილური სამსახური უნდა იშოვონ, არამედ შეეცადონ საკუთარი ჭერიც იპოვონ.

იმისათვის, რომ ოდნავ მაინც გაათანაბრონ ვითარება და ამ სოციალურ კატასტროფასაც გაუმკლავდნენ, ლაციოს რეგიონის (ადმინ. ცენტრი – რომი) ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოსახლეობას ფინანსური დახმარება გაუწიოს. მიბაძავენ თუ არა „ცენტრის“ მაგალითს სხვა რეგიონები, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ქვეყანაში, ფინანსებთან დაკავშირებით მარტივად არ არის საქმე – იტალიის საგარეო ვალმა ყველა გონივრულ ზღვარს გადააჭარბა და 2 ტრილიონ ევროს ასცდა.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close