fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

პროტესტის მეოთხე დღე – პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია

დღეს თბილისში ორი პარალელური აქცია გაიმართა. ორივე აქცია მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე დასრულდა.

გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები გაშალეს, შესასვლელები პიკეტირებულია. მათ ტერიტორიაზე 24-საათიანი მორიგეობა დააწესეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, კანონმდებლებისთვის პარლამენტის შესასვლელები იქამდე იქნება დაკეტილი, სანამ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ შეასრულებენ.

„არც ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას წაართვა განვითარების უფლება, ვეღარ შევა საქართველოს პარლამენტში. მათ ექნებათ მხოლოდ ერთადერთი შანსი იქ შესვლის, როდესაც აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს შეასრულებენ“, – განაცხადა კირკიტაძემ.

აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ, ესენია: ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნა; მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის დანიშვნა; ახალი ცესკოს დაკომპლექტდება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის პარალელურად, „პატრიოტთა ალიანსმა“ რესპუბლიკის მოედანზე უწყვეტი აქცია დააანონსა. მათ მსვლელობით ოპერის წინ გადაინაცვლეს.

პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, აქციის მიზანი ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლაა. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში „პატრიოტთა ალიანი“ დამოუკიდებლად იმოქმედებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და აქციის სხვა ორგანიზატორები საღამოს ითხოვდნენ, პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშითა და შეშით დატვირთული მანქანა შეეშვა.

სამართალდამცველებმა მანქანა ზუბალაშვილების ქუჩაზე შემოწმების მიზნით გააჩერეს.

„მანქანაში არის შეშა და ქვიშა, ასაფეთქებელი არაფერია საერთოდ. არის, ასევე, საჭმელი,  რაც ღამე გასათევად სჭირდება კაცს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ მანქანის შეშვებაზე უარი განაცხადა, აქციის მონაწილეებმა ტომრების ხელით გადატანა დაიწყეს.

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ ქუჩაზე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგავი მიიტანეს.

გაერთიანების ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ნარჩენები იქვე, ერთ-ერთი შენობიდან იყო გამოტანილი, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა არ გაიტანეს.

როგორც Reuters-ი წერს, საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დაახლოებით 20 000 ადამიანი გამოვიდა.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

წყარო: 1tv.ge

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close