მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

ონკოლოგები აცხადებენ, რომ მცენარეული აბები ონკოპაციენტებისთვის საზიანოა

მცენარეულ აბებს ონკოლოგიური  პაციენტებისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლისაბონში გამართულ მკერდის კიბოს საერთაშორისო კონფერენციაზე ონკოლოგებმა განაცხადეს. მათი მტკიცებით, ზოგიერთი მცენარეული პრეპარატის ინგრედიენტმა შესაძლოა სიმსივნური დაავადების მკურნალობის კურსს ხელი შეუშალოს.

გამოცემის ცნობით, ნივრის, ჯანჯაფილისა და გინგკო ბილობას შემცველი აბები ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ჭრილობების შეხორცებას და დაზიანებული კანის აღდგენის პროცესს აფერხებს. ქირურგისა და პროფესორის, მარია კარდოსოს თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მცენარეული თერაპია შედეგიანია.

ქირურგები მოუწოდებენ პაციენტებს, რომ ექიმს ყოველთვის აცნობონ, თუკი მცენარეული შემადგენლობის აბებს ან მალამოებს იყენებენ. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მცენარეული პროდუქტების დიდ ნაწილს შეუძლია შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს ჰორმონული ან ქიმიოთერაპიის კურსს. ზოგიერთი მათგანი კი სისხლის შედედების პროცესს აფერხებს, რის გამოც ჭრილობები დროულად ვერ ხორცდება.

პროფესორ კარდოსოს თქმით, გასაკვირი არ არის, როცა კიბოთი დაავადებული პაციენტები ალტერნატიულ მეთოდებს მიმართავენ, თუმცა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ მცენარეული თერაპიით შესაძლოა ორგანიზმს სარგებელზე მეტად ზიანი მოუტანონ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close