ქართველები უცხოეთშიხელოვნება

„სუხიშვილების“ მოცეკვავე, რომელიც ქართველ ბავშვებს ნიუ-იორკში ქართულ ცეკვას ასწავლის

„სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ლაშა ხაჟალია მეორე წელია თავის ცოდნასა და გამოცდილებას, ცეკვის სიყვარულსა და ქართულ ტრადიციებს ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ პატარებს უზიარებს და ასწავლის. ამჟამად იგი ანსამბლ „ფესვების“ ერთ-ერთი მოცეკვავე და ქორეოგრაფია.

ლაშას გასტროლებით მსოფლიო აქვს მოვლილი, თუმცა უცხოეთში ცხოვრებას არ აპირებდა, მიუხედავად ამისა, უკვე მეორე წელია, ამერიკაში ცხოვრობს. რატომ? როგორია მისი ქართული ოცნება ამერიკაში და სამომავლო გეგმები? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ NOSTAL.GE ლაშა ხაჟალიას ნიუ-იორკში დაუკავშირდა.

ლაშა ხაჟალია: ანსამბლთან ერთად ნიუ-იორკში ორჯერ ვიყავი გასტროლებზე, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით, თითო-თითო კვირით. დილით რეპეტიციები, საღამოს კონცერტები და დრო თითქმის არ გვქონდა ქალაქის დასათვალიერებლად, სულ გადარბენებზე ვიყავით. შარშან გადავწყვიტე, რომ შვებულებით მესარგებლა და ჩამოვედი. რაც მთავარია, მამაჩემი უკვე დიდი ხანია, აქეთ არის და, სიმართლე რომ ვთქვა, მამასთან წამოვედი, მასაც ვნახავდი ნორმალურად და შეძლებისდაგვარად ამერიკასაც დავათვალიერებდი. ქვეყნის დატოვებას სულ არ ვფიქრობდი, გეგმაში ეს არ მქონია.

გადაწყვეტილება აქ დარჩენაზე ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე, რაზეც მამაჩემის რჩევებმაც იმოქმედა. ახალი ქვეყანა, ახალი ჰორიზონტები… „ცდა ბედის მონახევრეაო“ და… თან ნიუ-იორკში მოქმედ ქართულ ანსამბლ „ფესვებთან“ თანაშრომლობის შესაძლებლობაც გამოჩნდა. მას შემდეგ აქ ვარ.

ლაშა მამასთან, გია ხაჟალიასთან ერთად

მამათქვენი ვინ არის? მოგვიყევით მასზე…

მამა, გია ხაჟალია, კინომცოდნეა, თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი აქვს დამთავრებული. სწავლის პარალელურად და მანამდეც, ოთხმოციანი წლებიდან მამა რუსთაველის თეატრში მუშაობდა რობერტ სტურუასთან ტექნიკურ რეჟისორად. რამდენიმე სპექტაკლში („ირინეს ბედნიერება“, „იაკობის სახარება“, „კავკასიური ცარცის წრე“…), სადაც ბავშვი სჭირდებოდათ, ბატონ რობერტს მეც ვყავდი დაკავებული.

ასე რომ, მამას დამსახურებით, სცენაზე სულ პატარაობიდან ვიდექი. 90-იანი წლების ბოლოს, საქართველოში ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, მამამ აქეთ წამოსვლა გადაწყვიტა და მას შემდეგ ნიუ-ორკში ცხოვრობს, ოცი წელია უკვე.

ცეკვა ვინ შეგაყვარათ?

ეს, როგორღაც, თავისით მოხდა. რატომღაც სულ პატარამ სტუდიაში მისვლა და ცეკვის სწავლა მოვინდომე. ირგვლივ არავინ მყავდა მოცეკვავე. რა ვიცი, ალბათ შინაგანად ვგრძნობდი, რომ უნდა მეცეკვა. მინდოდა მეც ჩოხაში გამოწყობილს მეფრინა სცენაზე და ხანჯლებით ცეცხლი დამენთო.

აისრულეთ კიდეც სურვილი…

დიახ, „სუხიშვილების“ სტუდიის დამთავრების შემდეგ ძირითად ანსამბლში ჩავირიცხე. ვიყავი და ალბათ მთელი ცხოვრება ჩავთვლი, რომ ვარ „სუხიშვილების“ წევრი.

რა ასაკში გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე ცეკვა უნდა ყოფილიყო?

ალბათ 12-13 წლის ასაკში. მაშინ „სუხიშვილებთან“ არსებულ საბავშვო სკოლა-სტუდიაში დავდიოდი. ერთხელაც „სუხიშვილების“ რომელიღაც გრადიოზულ კონცერტს დავესწარი – ასე ჩამრჩა მეხსიერებაში. რაღაც „კოსმოსური“ იყო ის კონცერტი, დღემდე ასე მგონია. მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს, ასეთი შესრულებული ცეკვები იქნებოდა ჩემი პროფესია.

„სუხიშვილებში“ ცეკვავდით და ხანჯლებით ცეცხლს ანთებდით სცენაზე… რას გრძნობთ, როცა ახლა უკვე უცხოეთში იცვამთ ქართულ ჩოხას და ცეკვას ასწავლით ქართველ ბავშვებს, რომელთაგან ზოგი შეიძლება ჯერ ნამყოფიც არაა საქართველოში?

არ მოვყვები, თუ რა საგანძურია ქართული ჩოხა ჩვენი ერის… მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვინც არ უნდა ჩაიცვას ის, მისი თარგი, მასში ჩადებული ქართული გენი ისე გბოჭავს, ისე გამაღლებს, წელში გასწორებს, გამოგიწევს წინ გულ-მკერდს და მთელი სამყარო შენია, შენ ედები მთელ სამყაროს და შენი და შენი გენის (ქართველის) ირგვლივ ტრიალებს ყველა და ყველაფერი. რაც შეეხება პატარებს, რომელთაგან ბევრი აქ არის დაბადებული, ვცდილობ გადავცე, ავუხსნა ხიბლი და არსი ქართული ცეკვის და ცეკვის საშუალებით უფრო შევაყვარო სამშობლო.

„ფესვებმა“ ბევრი თაობა გაზარდა და შეაყვარა ქართული კულტურა… მთავარი პრინციპი რა არის?

„ფესვები“ ნიუ-იორკის ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთი დიდი შვებაა. იმ სიყვარულის და ნოსტალგიის გაქარვების ერთ-ერთი საშუალებაა, სადაც პატარები, თინეიჯერები თუ უკვე დიდი ადამიანები ცეკვით, სიმღერებითა და ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტებით თავს ისევ სამშობლოს ნაწილად გრძნობენ. მთავარი პრინციპია, რომ ქართველობა და ქართული კულტურა თან გვდევდეს ყველგან.

ხშირად გამიგია, რომ ცეკვის მასწავლებლები განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან. თქვენ მკაცრი ქორეოგრაფი ხართ?

ჩვენს ხელოვნებას სჭირდება ძალიან ბევრი შრომა და დისციპლინა, ყურადღება, რაც ბავშვებისთვის, ბუნებრივია, ცოტა ძნელია. ბავშვმა თუ არ იცელქა და ყურადღება არ გაეფანტა, მაშინ ბავშვი კი არა, ჩამოყალიბებული ადამიანები ყოფილან. ამიტომ გვჭირდება დიდი მოთმინება,ზოგთან ინდივიდუალური მიდგომა, დაყვავება და სადაც საჭიროა – სიმკაცრეც. მართალი გითხრათ, ბავშვებთან, რომლებიც უკვე მოზრდილები არიან, სიმკაცრე, ზომიერი და არა გადაჭარბებული, აუცილებელიც არის. ისევ გავიმეორებ: ნიჭთან ერთად ცეკვას სჭირდება დიდი შრომა, გაუთავებელი რეპეტიციები, უზუსტესი დამუშავება, რომ შედეგი კარგი იყოს. ეს კი სიმკაცრისა და დისციპლინის გარეშე არ მიიღწევა… მაგრამ მაინც მგონია, რომ მკაცრი არა ვარ.

ქართველი ახალგაზრდების პრობლემად რას თვლით უცხოეთში?

იცით, რა არის? თუ ახალგაზრდა გამიზნულად, წინასწარ შემზადებული მიდის უცხოეთში, თუ გააზრებული აქვს, რომ ლანგარზე დადებულს არავინ არაფერს მიართმევს და მზად არის მძიმე და ბევრი შრომისთვის, მათთვის ყველა პრობლემა მოხსნადია, ხოლო ვინც სპონტანურად არის წამოსული, მათ მრავალი პრობლემის გადალახვა მოუწევთ. პირველი – ენის ბარიერი, მეორე – ჩართვა აქაურ ცხოვრების რიტმში და, რაც მთავარია, მიღება და გააზრება იმ ქვეყნის ცხოვრების წესებისა, სადაც ჩავლენ.

თქვენ იცოდით, სად და რატომ მიდიოდით… ადვილად მოახერხეთ ადაპტაცია?

მგონი, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მოვერგე, გული საქართველოსკენ მიმიწევს, მით უმეტეს, ყველა, მამის გარდა, მანდ მყავს.

საქართველო როგორ ჩანს შორიდან?

უფრო ლამაზი და საყვარელი, ვიდრე მეგონა, რომ იყო.

თქვენი ქართული ოცნება რა არის ამერიკაში?

ოცნება? თანაც ქართული? რა ვიცი, იმდენს ოცნებობს კაცი, რომ უკვე განსაკუთრებულის გამოყოფა მიჭირს. მთავარი მაინც ოჯახისა და სამშობლოს კარგად ყოფნაა.

პროფესია თავისუფალ დროს თუ გიტოვებთ და როგორ ატარებთ?

თავისუფალი დრო ბევრი არა, მაგრამ მრჩება მაინც და ისევ ქალაქის გაცნობაში მიდის. ათასი სანახავი რამაა, კინო, ბროდვეის შოუები და ჩვენი, ქართველების ამბავი ხომ იცით? – მეგობრების თავშეყრა (ძირითადად, ისინიც მოცეკვავეები არიან) და „შენ დაუკარ“… ქართული სამზარეულო და ცეკვა-თამაში.

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

მყავს მეუღლე და ერთი პატარა ანგელოზი ქალიშვილი. წელს მამის გარეშე წავიდა სკოლაში.

ჩემი მეუღლე ეროვნებით მოლდოველია, მაია სპატარი. არაჩვეულებრივი მეოჯახე და მეუღლე. უნდა გითხრათ, რომ არ ვიცი, მარტო მე მყავს ასეთი ცოლი, თუ საერთოდ მოლდოველები არიან ასეთი კარგები. მეგონა, მარტო ჩვენი ქალები იყვნენ ოჯახისთვის თავდადებულები, მარტო ქართველებს გვქონდა სამზარეულო არაჩვეულებრივი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ მოლდოველები არაფრით ჩამოგვრჩებიან და, შეიძლება ითქვას, რომ ღირსეულ მეტოქეობასაც გვიწევენ. ჩემს ქალიშვილს მეგი ჰქვია. ექვსი წლისაა და პირველკლასელი გოგოა უკვე. ხატვა უყვარს ძალიან, მიგზავნის ხოლმე თავის ნახატებს.

ხომ არ ცეკვავს?

ცეკვაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, სკოლაში აქვთ დამატებით ცეკვის წრე და იქ დადის, მაგრამ მე თუ არ შევხედე, მიჭირს რაიმეს თქმა. უახლოეს მომავალში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და ვნახოთ, შევამოწმებ (იცინის)…

პროფესიული თვალსაზრისით სამომავლო გეგმაბზე რას გვეტყვით?

ჯერჯერობით „ფესვებთან“ ვარ მჭიდრო კავშირში, როგორც ქორეოგრაფი და მოცეკვავე. სამომავლოდ გვაქვს რამდენიმე პროექტი ბიჭებთან ერთად – ისინიც ყოფილი მოცეკვავები არიან. ვარ ასევე ნიუ-იორკის მოცეკვავეთა და ქორეოგრაფთა გაერთიანებული კავშირის წევრი და ვნახოთ, მომავალი წინაა. რაც მთავარია, სურვილია ძლიერი და შესაძლებლობები – ბევრი.

დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: ჩემთვის მთავარია, რომ…

ჩემთვის ამჟამად მთავარია, ისე ავეწყო, რომ ოჯახი ჩემთან მყავდეს. ახლობლების კარგად ყოფნა, დაწყნარებული და აშენებული საქართველოა მთავარი!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close