პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს; მსვლელობა ივანიშვილის რეზიდენციამდე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდების გამო ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

მოთხოვნები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაასახელეს, ასეთია: „პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა; გარდამავალი მთავრობა კომპლექტდება ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით – ყველა მინუს ივანიშვილი და მისი მონები“.

საპროტესტო აქციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა. მან სიტყვით გამოსვლისას უცხოელ ლიდერებს მიმართა:

„მივმართავ ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის საქართველო, ის თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ, ჩემო ევროპელო, ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, იმ საქართველოს ცდილობენ, რომ დაუმთავრონ მომავალი. მე მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი, კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართული არჩევანი და ქართველი ხალხის არჩევანი და არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები თქვენს აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და ბრძოლის მხარდამჭერი“.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები, რუსთაველის გამზირიდან მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას აწყობენ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩავარდნა ქუთაისშიც გააპროტესტეს. აქცია ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ გაიმართა. „გადაგვაგდე, გადაგაგდებთ, ივანიშვილო“, „35 გავრილოვი“ და „მხეიძე – სირცხვილი“ – ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში აქციის მონაწილეებს.

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა მცირე პერფორმანსი მოაწყვეს და იმ 35 დეპუტატის სახელი და გვარი ამოიკითხეს, რომლებმაც კენჭისყრისას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს. მათ, პროტესტის ნიშნად, დაწვეს ფურცლები, რომლებზეც დეპუტატების სია ეწერა.

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

p. s. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც აფასებს: „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი – არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება. კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close