პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას – დეპუტატები „ოცნებას“ ტოვებენ

101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

სხდომათა დარბაზში 141 დეპუტატი იმყოფებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორისაა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს სრულად დაუჭირეს მხარი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას სხდომათა დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, კარლო კოპალიანის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა თავს დაესხნენ  და დეპუტატის მოწმობა დაუჭრეს.

„დღეს პარლამენტის წევრებმა ცადეს, რომ გავეშვი პარლამენტიდან. ე.წ. ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ქალბატონი ხოშტარია და ქალბატონი ბოკუჩავა დამესხნენ თავს, სხდომათა დარბაზში, სადაც მე ვიჯექი, ჩემს ადგილას. ამოიღეს ჩემი ბარათი. ხოშტარიამ ამოიღო ბარათი, ბოკუჩავას მომზადებული ჰქონდა მაკრატელი და იმან გაჭრა. მეორე ნახევარი აქვს ხოშტარიას, წაიღო სამახსოვროდ, ჩემი თვალები მოსწონს ეტყობა. მას აქვს ჯიბეში. მე ამას თავდასხმად ვაფასებ. გამოცდილმა იურისტებმა შეაფასონ, არის თუ არა ეს თავდასხმა დეპუტატზე“, – აღნიშნა კოპალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და თანამდებობებს ტოვებენ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ სხვა გადაწყვეტილების მიღების გზა აღარ ჰქონდა. ის, აგრეთვე, ტოვებს პარტიულ თანამდებობებს (იგი ამ დრომდე იყო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი).

მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ – მარიამ ჯაშმაც დატოვა.

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

არასამთავრობოები კვლავაც მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზეც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, 14 ნოემბრის კენჭისყრის შედეგი შესაძლოა „საბედისწერო აღმოჩნდეს“ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

მოძრაობები – „შეცვალე“ და „სირცხვილია“ გმობენ პარლამენტის გადაწყვეტილებას და მას „სამარცხვინოს“ უწოდებენ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ. მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღრული. კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა დღეს , იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

საარჩევნო სისტემის შერეულიდან პროპორციულით შეცვლის საკონსტიტუციო პროექტის განხილვა პარლამენტში 12 ნოემბერს დაიწყო. მაჟორიტართა წინააღმდეგობის გაცხადების შემდეგ კანონპროექტზე კენჭისყრა ვერც 13 ნოემბერს გაიმართა. მოლაპარაკებებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარესთან – ბიძინა ივანიშვილთან გადაინაცვლა. გაიმართა უმრავლესობის ორი სხდომა და პარტიის თავმჯდომარის ინდივიდუალური შეხვედრებიც რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატთან.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა მიმდინარე წლის 24 ივნისს გამოაცხადა: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო არჩევნებისთვის გაუქმებას 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დათანხმდა. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა შერეულიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ  radiotavisupleba.ge-ს და 1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close