fbpx
ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

კონტე: „5 ათასი ევრო – კერძო პირებს, 20 ათასი – მცირე მეწარმეებს“; ვენეციას ახალ წყალდიდობაზე აფრთხილებენ

წუხელ  ვენეციაში, 48-საათიანი კოშმარის შემდეგ, შედარებით მშვიდად ეძინათ, წყალი ნორმალურ, 80-სანტიმეტრიან ნიშნულს დაუბრუნდა; დილაც მზიანი და მშვიდი გათენდა, არც სიროკო უბერავდა. დადგა ზარალის დათვლის დრო, – წერს გამოცემა „ანსა“.

თუმცა სინოპტიკოსების ცნობით, კარგი ამინდი მხოლოდ ცოტა ხანს გაგრძელდება: დღევანდელი დღე და მომავალი ღამე მშვიდად ჩაივლის, შემდეგ კი ისევ წყალდიდობაა მოსალოდნელი – ამის თაობაზე გაზეთი La Repubblica იტყობინება იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„პროგნოზით, მოსალოდნელია კიდევ ერთი მოქცევის პიკი, როდესაც ქალაქში წყლის დონე ზღვის დონიდან 125 სმ-ით ზემოთ აიწევს“, – აფრთხილებს მოქალაქეებს გაზეთი.

იტალიის პრემიერ-მინისტრი გუშინ ჩავიდა ვენეციაში და წუხანდელი ღამე ქალაქში გაათენა. კონტემ სტიქიისგან დაზარალებული ვენეცია დაათვალიერა და კომენტარებიც გააკეთა.

ჯუზეპე კონტე ვენეციაში, 2019 წლის 14 ნოემბერი

ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კონტემ განაცხადა, რომ ეს 2 ეტაპად მოხდება:

5 ათასი ევრო – კერძო პირებს, 20 ათასი – მცირე მეწარმეებს, ფული დაუყოვნებლივ ჩაირიცხება. მეორე ეტაპზე კონკრეტულად დაითვლიან ზარალს და საჭირო აღდგენით სამუშაოებს და ამის მიხედვით გამოიყოფა თანხები. ლუიჯი ბრუნიაროს და ლუკა ძაიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ზარალი 100-ობით მილიონ ევროს შეადგენს.

კონტემ პროექტ „მოსეს“ დასრულების შესახებ მოქალაქეების კითხვაზეც უპასუხა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, პროექტი დამთავრდება. „ჩვენ ვიმედოვნებთ, გვჯერა, რომ პროექტი, რომელზეც უამრავი თანხა დაიხარჯა და რომელიც დასრულების ეტაპზეა, დასრულდება…“ – განცხადა პრემიერმა.

„ქალაქი წყალზე“ – ვენეცია ე. წ. „მაღალი წყლის“ ფენომენის დროს იტბორება, რაც წელიწადში 2-ჯერ ხდება (შემოდგომით და გაზაფხულზე) მთვარის ციკლების, მოქცევების და ძლიერი ქარის გამო, რომლის სიჩქარემაც ამჯერად 100 კმ/სთ-ს გადააჭარბა. მთელი ამ წლების განმავლობაში ვენეციამ ვერ შეძლო ინტეგრირებული დაცვის სისტემის პროექტის, „მოსეს“ რეალიზება, სხვადასხვა სახის ობიექტური და სუბიექტური (მათ შორის, კორუფციის) მიზეზების გამო. პროექტი ითვალისწინებს მობილური რაბების სისტემის შექმნას, რომელიც ვენეციის ლაგუნის ადრიატიკის ზღვისგან იზოლირებას მოახდენს მაშინ, როცა მოქცევის დონე ნორმალურზე მაღალი იქნება.

„პროექტში, რომელიც 93%-ით დასრულებულია, დიდი შეფერხება მოხდა – ბოლო 400 მილიონი უკვალოდ გაქრა… თუმცა არაფერი გაჩერებულა, სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა პაოლა დე მიკელიმ პროექტ „მოსესთან“ დაკავშირებით რადიო Capital-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ პროექტი სრულად დამთავრდება 2021 წელს, ნაწილობრივ კი მისი გამოყენება უფრო ადრეც გახდება შესაძლებელი.

პაოლა დე მიკელი

დღევანდელ საგანგებო სამთავრობო სხდომაზე კიჯის სასახლეში განიხილავენ ვენეციის მერის და ვენეტოს რეგიონის პრეზიდენტის მიმართვას ვენეციაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე.

ვენეციის კიდევ ერთი თავის ტკივილი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია გრძელდება, საკრუიზო ლაინერებია, რომელთა წინააღმდეგაც ქალაქის მოსახლეობა დიდი ხანია პროტესტს გამოთქვამს. ბოლო ინფორმაციებით, საკრუიზო ლაინერებს ვენეციის პორტში შესვლას 2020 წლიდან აუკრძალავენ. აქამდე ამ გადაწყვეტილების მიღება ეკონომიკური მოსაზრებების გამო ფერხდებოდა – ვენეციას ყოველწლიურად 30 მლნ ტურისტი და 600-ზე მეტი საკრუიზო ხომალდი  სტუმრობს, თუმცა მოსახლეობა აღარ აპირებს აიტანოს „ერთდღიანი ტურისტები“, რადგან საკრუიზო გემები ხან კატერებს ეჯახებიან, ხან – ნავსადგურის ნაგებობებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ იყო, მაგრამ „მკაცრი აუცილებლობით“ არის გამოწვეული.

ნიკო აბაშიშვილი

ვენეცია, სან-მარკოს მოედანი; 13 ნოემბერი, 2019. ფოტო: AP /Luca Bruno
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close