ღაზის სექტორში, მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით დაზავების შეთანხმება შევიდა ძალაში, ძირითადად, სიმშვიდეა. პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენელმა მუსაბ ალ-ბარემმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14 ნოემბრის 04:00 საათიდან (ისრაელის დროით) მოქმედებს.
ისრაელის არმიაში, ასევე, დაადასტურეს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის ფაქტი. ამავე დროს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ექსტრემისტებს ახალი საპასუხო აქციებით დაემუქრა, თუ ისინი სარაკეტო დარტყმებს გააგრძელებენ. „მშვიდობაზე მშვიდობით ვუპასუხებთ, მაგრამ ისრაელი უყოყმანოდ დაარტყამს მათ, ვინც მისთვის ზიანის მიყენებას დააპირებს, იქნება ეს ღაზის სექტორიდან თუ სხვა ადგილიდან“, – თქვა მინისტრმა ისრაელის სამხედრო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლის, მუსაბ ალ-ბარემის თქმით, ისრაელი დათანხმდა, შეწყვიტოს პალესტინელი მებრძოლების დამიზნებითი მკვლელობები და ღაზის სექტორის საზღვარზე გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებისთვის ცეცხლის გახსნა.
ისრაელის მხარემ დაადასტურა, რომ დემონსტრაციებს ცეცხლს არ გაუხსნის, თუმცა უარყო ცნობა დამიზნებითი მკვლელობების შეწყვეტის შესახებ: „ისრაელის პოზიცია ამ მხრივ არ შეცვლილა, დამიზნებითმა მკვლელობებმა თავისი ეფექტიანობა დაადასტურა და ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა.
ისრაელი და პალესტინელი რადიკალები, 12 ნოემბრიდან მოყოლებული, ბოლო დროის ყველაზე მასირებული დარტყმებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან გაშვებულმა რაკეტამ „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა, მისი ცოლი და 5 შვილი მოკლა. საპასუხოდ პალესტინიდან ისრაელის მიმართულებით 400-მდე რაკეტა გაუშვეს, რომლებსაც ისრაელისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია. ისრაელმა საპასუხოდ ათობით ავიარეიდი განახორციელა, რის შედეგადაც ღაზაში 32 ადამიანი დაიღუპა.
ნიკო აბაშიშვილი
წყარო: DW
მსგავს თემაზე: ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვეს – საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
კომენტარები