რუსმა პროფესორმა თავისი სტუდენტი გოგონა მოკლა და გვამი დაანაწევრა
63 წლის რუსმა მეცნიერმა თავისი სტუდენტი მოკლა და დაანაწევრა. მკვლელობა სანკტ-პეტერბურგში მოხდა.
9 ნოემბერს მდინარე მოიკიდან გამვლელებმა მასში ჩავარდნილი ასაკოვანი მამაკაცი გამოიყვანეს. იგი მდინარეში ზურგჩანთის ჩაძირვას ცდილობდა, თუმცა რადგან ძლიერ ნასვამი იყო, თავად ჩავარდა წყალში და კინაღამ დაიხრჩო. ეს ყველაფერი ტაქსის მძღოლმა დაინახა და გამვლელებს საშველად უხმო. მამაკაცის გამოყვანის შემდეგ მშველელებს მოუწიათ არა მარტო სასწრაფო დახმარების მანქანის, არამედ პოლიციის გამოძახებაც, რადგან ზურგჩანთაში, რომლის ჩაძირვასაც იგი ცდილობდა, ქალის მოჭრილი ხელები და ტრავმატული პისტოლეტი აღმოაჩინეს.
მამაკაცის ვინაობა მაშინვე დაადგინეს – იგი აღმოჩნდა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 63 წლის ცნობილი მეცნიერი ოლეგ სოკოლოვი.
ოლეგ სოკოლოვი ნაპოლეონის ეპოქის ექსპერტი და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერია. ის უნივერსიტეტში ხშირად მიდიოდა ნაპოლეონის ფორმაში გამოწყობილი. სოკოლოვი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც, რუსეთის გარდა, საფრანგეთში, ესპანეთსა და ჩეხეთშია გამოცემული.
მსხვერპლის ვინაობაც მალე დადგინდა – იგი აღმოჩნდა სოკოლოვის ყოფილი სტუდენტი, 24 წლის ანასტასია იოშჩენკო, რომელიც, 40-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მეცნიერის საყვარელი იყო.
24 წლის ქალის მოჭრილი თავი და დანაწევრებული სხეულის ნაწილები მოგვიანებით პროფესორის ბინაში იპოვეს. მამაკაცი ცდილობდა მსხვერპლის გვამი ნაწილ-ნაწილ მოეშორებინა თავიდან. ნასტიას სხეულის ნაწილებს მყვინთავები მდინარეში ეძებენ.
მკვლელის ბინაში, აგრეთვე, აღმოაჩინეს მკვლელობის იარაღი – ნაჯახი, სისხლიანი ხერხი, დანები, წებოვანი ლენტი და გადაჭრილი შაშხანა. სანამ მისი ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა, სოკოლოვი საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც სხეულის ძლიერი გაცივების გამო გადაიყვანეს. ამჟამად იგი საგამოძიებო იზოლატორშია და გამოძიებასთან თანამშრომლობს, მან ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.
მედიის ცნობით, მკვლელობა 8 ნოემბერს, ღამის 2 საათზე მოხდა – სოკოლოვმა ახალგაზრდა ქალს მცირეკალიბრიანი გადაჭრილი შაშხანიდან ესროლა, შემდეგ კი შეეცადა მისი გვამი ნაწილ-ნაწილ მოეშორებინა თავიდან. მკვლელობის მიზეზად ანასტასიას ძმას, სერგეის იოშჩენკოს ეჭვიანობა მიაჩნია. „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ ესაუბრა ნასტიას, რომელიც სტუდენტურ წვეულებაზე აპირებდა წასვლას და ამის გამო კონფლიქტი მოუვიდა სოკოლოვთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა. როგორც სერგეი იოშჩენკო ჰყვება, კაცმა ნასტიას სცემა. ახალგაზრდა ქალი წავიდა, მაგრამ მოგვიანებით, როგორც ჩანს, ნივთების წამოსაღებად დაბრუნდა, რადგან ამ ჩხუბის შემდეგ გადაწყვიტა, სოკოლოვს დაშორებოდა.
ანასტასია იოშჩენკო ნოვოსიბირსკიდან ჩავიდა სანკტ-პეტერბურგში, იგი ოლეგ სოკოლოვის სტუდენტი იყო, შემდეგ – ასპირანტი გახდა. ისინი ბალებზეც ხშირად ჩნდებოდნენ ერთად: სოკოლოვი – ნაპოლეონის მუნდირში, ნასტია – ჟოზეფინას სამოსში.
მედია იუწყება, რომ სოკოლოვის თქმით, ნასტიას მკვლელობის გამო თავად პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, ნაპოლეონის მუნდირში გამოწყობილი, საჯაროდ თვითმკვლელობას აპირებდა.
აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, 2008 წელს მეცნიერის წინააღმდეგ საჩივრით პოლიციას კიდევ ერთმა სტუდენტმა გოგონამ მიმართა, თუმცა სასამართლომდე საქმე არ მისულა. როგორც ახლა ეს ახალგაზრდა ქალი, ანონიმურად, „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ჰყვება, სოკოლოვმა, რომელთანაც მასაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა, 2008 წელს იგი სასტიკად სცემა – სკამზე მიაბა, სახესა და მუცელში ურტყამდა და მოკვლით ემუქრებოდა. მისი სიტყვებით, სოკოლოვმა უთო ჩართო, გააცხელა და სახესთან მიუტანა, ემუქრებოდა, რომ სამუდამოდ დაამახინჯებდა, რომ მოკლავდა და მის გვამს უახლოეს ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე ჩაფლავდა ისე, რომ ვერავინ ვერასდროს იპოვიდა. ახალგაზრდა ქალმა მაშინ განცხადება დაწერა პოლიციაში, თუმცა სასამართლომდე საქმე არ მისულა იმის გამო, რომ მისი თქმით, ამის „ძალა და შესაძლებლობები არ ჰქონდა“. ეს საქმე 10 წლის შემდეგ ისევ ამოტივტივდა, როდესაც 2018 წელს სოკოლოვის ლექციაზე სტუდენტ ბიჭს სცემეს და აუდიტორიიდან გააგდეს იმის გამო, რომ მან ლექტორს მისთვის უსიამოვნო კითხვა დაუსვა (ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა), თუმცა სასამართლომდე საქმე მაშინაც არ მისულა.
პეტერბურგში მოითხოვენ, რომ გაათავისუფლონ და პასუხისმგებლობა დააკისრონ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, სადაც სოკოლოვი მუშაობდა. Change.org-ზე 9 ნოემბერს ჩაეშვა პეტიცია: „Убита студентка СПбГУ: отстранить и привлечь к ответственности руководство университета“. ამ დროისთვის პეტიციას უკვე 72 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იცოდნენ სოკოლოვის რომანების შესახებ სტუდენტ გოგონებთან, თუმცა მასზე საჩივარი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას არასდროს მიუღია.
სოციალურ ქსელში გარცელდა, აგრეთვე, ინტერვიუ საგამოძიებო იზოლატორში მყოფ სოკოლოვთან (იხ. ქვემოთ).
11 ნოემბერს სასამართლოზე ადვოკატმა მოითხოვა, რომ მკვლელობაში ბრალდებულისთვის წინასწარი შინაპატიმრობა მიესაჯათ, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა უარყო. სოკოლოვის დაცვა ცდილობს, იგი „აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობის“ მუხლით გაასამართლონ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ნინო ხოშტარია
მომზადებულია რუსული მედიის მიხედვით.
https://www.youtube.com/watch?time_continue=33&v=7THWHpYPFwY&feature=emb_logo
კომენტარები