კრიმინალიპოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: უფრო მკაცრად დაისჯება არალეგალური მიგრანტების გადაყვანა და პედოფილია

ცვლილებები საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის ინიციატორია „ნეა დიმოკრატიას“ მთავრობა, გულისხმობს უფრო მკაცრ სასჯელს არალეგალური იმიგრანტების გადაყვანისთვის, პედოფილიისთვის, აგრეთვე, აღდგება სასჯელი ღვთის გმობისთვის – ვინც საჯაროდ და ბოროტი განზრახვით შეურაცხყოფს საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ან რელიგიას, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა კოსტას ციარასმა ორშაბათს, 11 ნოემბერს საბერძნეთის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

სხვა დებულებებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს პატიმრობის ვადის გაზრდას იმ პირებისთვის, რომლებსაც არალეგალური მიგრანტების გადაყვანა დაუმტკიცდებათ. ამჟამად თითოეული არალეგალის გადაყვანისთვის საბერძნეთის კანონმდებლობით განსაზღვრულია 6,5-იდან 8,5 წლამდე პატიმრობა. მიგრანტებთან დაკავშირებით არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის ახალი ინიციატივა კანონმდებლებს სთავაზობს, რომ ეს ვადა თითოეული მიგრანტის გადაყვანისთვის 10 წლამდე გაიზარდოს.

მკაცრდება, აგრეთვე, კანონი გაუპატიურებისა და პედოფილიისთვის:

„ეს ცოდვაა, მე ამას ვეუბნები ყველას, ვისაც ღმერთი სწამს. ბავშვისთვის უმჯობესია სიკვდილი, ვიდრე ძალადობა. თუ მას მოკლავთ, იგი ერთხელ მოკვდება, ხოლო გაუპატიურების შემთხვევაში იგი ყოველდღე კვდება“, – განაცხადა ციარასმა და დასძინა,რომ 5-15-წლიანი პატიმრობა სექსუალური მოძალადეებისთვის საკმარისად არ მიაჩნია და რომ ყველაზე უფრო შესაფერისი კვიპროსის მოდელია – სამუდამო პატიმრობა.

კანონპროექტში წარმოდგენილი სხვა დებულება გულისხმობს საჯარო ხულიგნობისთვის პატიმრობის აღდგენას 2 წლამდე ვადით. ადრე ეს კანონი არ მოქმედებდა, რითაც, მაგ., სარგებლობდნენ ანარქისტები ორგანიზაცია „რუბიკონიდან“, რომლებმაც ათეულობით თავდასხმა განახორციელეს საელჩოებზე, სამინისტროებსა და კერძო კომპანიებზე, აგრეთვე, ფეხბურთის ფანები, რომლებიც რეგულარულად აწყობენ სისხლიან დაპირისპირებებს ერთმანეთის წინააღმდეგ და ამ ინციდენტებისას უდანაშაულო ადამიანები ზარალდებიან.

კანონპროექტით განსაზღვრულია ღვთის გმობის შესახებ კანონის დაბრუნება. ეს კანონი საბერძნეთში არსებობდა, თუმცა ციპრასის მთავრობამ 2019 წლის დასაწყისში გააუქმა.  

სსკ-ში ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მოსმენა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: rua.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close