მიგრაციასაზოგადოებასაქართველო

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოდან ყველაზე მეტი ემიგრანტი 2018 წელს წავიდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (საქართველოს მოქალაქე)  2018 წელს დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან კვლავ რუსეთში იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ შეიმუშავა.

რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს: 2015 წელს ქვეყნიდან საქართველოს 67 452 მოქალაქე გავიდა, 2016 წელს – 64 705, 2017 წელს – 67 269, 2018 წელს კი – 76 367. 2015-2018 წლებში საქართველოდან წასული ემიგრანტების 57% კაცია.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს რუსეთიდან საქართველოში ჩვენი ქვეყნის 4314 მოქალაქე დაბრუნდა. ამასთან, ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში წასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება.

საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ვიზაზე შეტანილი განაცხადების საერთო რაოდენობა 2010 წლიდან 2017 წლამდე მზარდი იყო, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ (28.03.2017) შენგენის ვიზებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, თუმცა მზარდია საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. 2017-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიაში (142 410 ვიზიტი; 2018 წელს – 86 688), იტალიასა (83479 ვიზიტი; 2018 წელს – 56 476) და საბერძნეთში (71 696 ვიზიტი; 2018 წელს – 43 214) განხორციელდა.

2015 წლიდან ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაც. 2017 წელთან შედარებით მათი რიცხვი 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისინი, ძირითადად, შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ.

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თავშესაფარს საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვდა. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების აბსოლუტურ უმრავლესობაზე (დაახლოებით 95%) შესაბამისმა სამსახურებმა უარყოფითი პასუხი გასცეს იმ მიზეზით, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაც. ყველაზე მეტი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქე გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთში ბინადრობის ნებართვის მიღების მაჩვენებელი ზრდადია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში, ძირითადად, შრომის, ოჯახის გაერთიანების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იმყოფებიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი. საზღვარზე უარის თქმის შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 2018 წელს დაფიქსირდა და ამ კუთხით გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, კვიპროსი და პოლონეთი ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ ეს ის ქვეყნებია (კვიპროსის გარდა), სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა გაემგზავრა უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ.

2017 წლამდე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს, ძირითადად, სახმელეთო საზღვარზე იღებდა. თუმცა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ეს სურათიც შეიცვალა და საჰაერო საზღვარზე მიღებული უარების რაოდენობამ 2017-2018 წლებში მნიშვნელოვნად გადააჭარბა სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე მიღებულ უარებს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close