თურქეთში გურჯი ხათუნის და მისი ვაჟის საფლავები აღმოაჩინეს

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლადაღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს ავრცელებს.

„ექსკლუზიურად ერზერუმიდან!

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება.

ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს“, – წერს გიორგი ჯანჯღავა.

2019 წლის აგვისტოში პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ერზერუმის პასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის საფლავი იპოვეს. აგრეთვე, აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც.

გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფალი მეფეთმეფე თამარის შვილიშვილი იყო. იგი სელჯუკთა ახალგაზრდა სულთან ქეიხუსრევს 13 წლის ასაკში მიათხოვეს. თავისი სილამაზისა და გონიერების გამო უმცროსი თამარ დედოფალი გამორჩეულად შეიყვარეს თურქეთში და გურჯი ხათუნი უწოდეს. იგი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.

ამბობენ, რომ მას წმინდანივით სცემდნენ თაყვანს მუსლიმურ სამეფოში და ორი სამყაროს – მაჰმადიანურისა და ქრისტიანულის დედოფალს უწოდებდნენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები