fbpx
სამზარეულო

პიტნის სიროფი: მარტივად მოსამზადებელი გემრიელი დესერტი

ეთერზეთების მაღალი შემცველობის გამო პიტნას ძლიერი გამომაცოცხლებელი ეფექტი აქვს. მის ფუძეზე დამზადებული სიროფი სხვადასხვა დესერტისა თუ სასმელის შესანიშნავი დამატებაა. ჩვენ მისი მომზადების ორ წესზე მოგითხრობთ.

საჭირო პროდუქტი: წყალი, ლიმონმჟავა, პიტნა, შაქარი.

პიტნის მომზადება

პიტნის უამრავი ჯიში არსებობს: ბაღის, ტყის, მდელოს, ხუჭუჭა და ა. შ. სიროფის მოსამზადებლად ნებისმიერი მათგანი გამოდგება, თუმცა ბაღის პიტნა პირველობას არავის უთმობს – ამ ჯიშს ყველაზე მეტად გამოკვეთილი არომატი და ძლიერი გემო აქვს.

მომზადებამდე შეგროვილი პიტნა ცივ წყალში გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცებზე გააშრეთ. დაზიანებული ნაწილები მოაცილეთ.

მეთოდი N1

  • პიტნის ფოთლები – 100 გ
  • შაქარი – 500 გ
  • წყალი – 200 მლ

სუფთა და კარგად გამშრალი ფოთლები ხელით დაგლიჯეთ და შესაფერის მინის ან ფაიფურის ჭურჭელში მოათავსეთ. მოაყარეთ 250 გ შაქარი, აურიეთ, თავზე დაახურეთ და 12-20 სთ გააჩერეთ. ჰიდროფილური თვისებების მქონე შაქარი პიტნიდან მთელ ეთერზეთებსა და წვენს შეიწოვს.

ამის შემდეგ დარჩენილი შაქარი წყალს შეურიეთ და 20 წთ ადუღეთ. ცოტათი უნდა შესქელდეს. ამ მასას დაუმატეთ შაქრიანი პიტნა და ცეცხლიდან გადმოდგით, ხის კოვზით ურიეთ შაქრის მთლიანად გადნობამდე, შემდეგ თავზე დაახურეთ და აცალეთ გაციება. ამას დაახლოებით 3-4 სთ დასჭირდება.

გაცივებული პიტნის მასა ბლენდერით ათქვიფეთ და 3-4 ფენა დოლბანდში გაწურეთ. თუ ეს მასა რამდენიმე თვეში უნდა გახარჯოთ, მაშინ პატარა ქილებში გაანაწილეთ და თავზე დაახურეთ, მაგრამ თუ დიდი ხნით შენახვას აპირებთ, მაშინ გაწურული მასა კიდევ ერთხელ უნდა წამოადუღოთ და ცხელი ჩაასხათ სტერილურ ქილებში.

ამგვარი წესით გაკეთებულ სიროფს ინტენსიური მწვანე ფერი აქვს.

მეთოდი N2

  • პიტნის ტოტები – 150 გ
  • შაქარი – 500 გ
  • წყალი – 250 მლ
  • ლიმონმჟავა – 1/2 ჩ. კ.

ამ რეცეპტში ფოთლებს დაგლეჯა არ უნდა. დაკრიფეთ 15-25 სმ სიმაღლის ტოტები, გარეცხეთ და გააშრეთ. ტოტები რამდენიმე ნაწილად დაჭერით, მომცრო ქვაბში ჩააწყვეთ და ცივი წყალი დაასხით. ადუღეთ 10 წთ, თავდახურული, შემდეგ ცეცხლი გამორთეთ, ნახარში კი 24 სთ გააჩერეთ.

შემდეგ ტოტები ამოიღეთ და კარგად გაწურეთ. მიღებული სითხე დოლბანდში გაატარეთ.

გამჭვირვალე ნახარშს შაქარი დაუმატეთ და 15 წთ ადუღეთ. გამორთვამდე 1 წთ-ით ადრე დაუმატეთ ლიმონმჟავა. ცხელი მასა ჩაასხით სტერილურ ქილებში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ.

ამ რეცეპტით დამზადებულ სიროფს ღია მწვანე ფერი აქვს და თაფლს წააგავს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close