ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი: „ემიგრანტობა ვერ მოერია ჩემს ღირებულებებს“

ამერიკაში, ჩიკაგოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:

მე გახლავართ (ჩემი, ერთი ემიგრანტის, ისტორია)…

იდეალისტი, დამკავშირებელი და სამყაროში მუდამ სიყვარულის მაძიებელი და შემგროვებელიც. ემიგრანტობა ვერ მოერია ჩემს ღირებულებებს. აქაც და მაქაც ვდგავარ სიმართლის, სამართლიანობის სადარაჯოზე!

ამჟამად ვარ ამერიკელის მეუღლე და საერთო 3-3-შვილიანი ოჯახის დედა (ახლა უკვე ყველა ზრდასრულის). პროფესია – სულით და დიპლომით მასწავლებელი (ფილოლოგი, ქართული ენა და ლიტერატურა) ოჯახებში თუ სკოლებში. ესაა ორ სიტყვაში მოქცეული ჩემი ისტორია.

ადამიანმა უნდა გაიაროს ემიგრაციის გზა, რომ მიხვდეს:

– რომ დრო და სიცოცხლე ძვირფასია;

– რომ ფული არ ცვივა ციდან;

– რომ მორჩეს წუწუნს და აკეთოს საქმე;

– რომ სიზარმაცე წინ ვერ წაიყვანს.

ოცდამეერთე საუკუნის უდიდესი პრობლემა… 

სულიერებასთან კავშირის გაწყვეტა. იაფფასიანი და უაზრო მატერიალური „ნაგვით“ ხალხის გონების გავსება. ხარისხის დაკარგვა. განათლების დონის დაწევა. სულიერი მარტოობა.

უცხო მიწაზეც შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი, თუ…

იმ საქმეს აკეთებს, რაც მის სულს აბედნიერებს, თუ ოჯახი ახლოს ჰყავს…

განსხვავება ჩემს სამშობლოსა და უცხო ქვეყანას შორის…

ჩემი სამშობლო ფესვებთან კავშირია. უცხო მხარე კი მუდამ უცხო ნიადაგია.

გული მტკივა, რადგან…

რადგან უსასრულო შესაძლებლობებს ვხედავ, გაიდოს ხიდი, გაიხსნას გზები საქართველოს საკეთილდღეოდ და ქართველში არსებული შური, პირველობის სურვილი წინ ეღობება ამ შესაძლებლობების განხორციელებას.

როდესაც სახლიდან შორს დააპირებთ წასვლას…

იცოდე, რომ შენ შენი ოჯახის, ქალაქის, ქვეყნის, ერის სახეს წარმოაჩენ, სარკე ხარ… რა ჩანს ამ სარკეში? კარგი თუ ცუდი? – აი ესაა მთავარი კითხვა!

მშობლებს დაშორებული შვილები…

გააჩნია, რა საფუძველი ჩაუყარა ოჯახმა, რა ღირებულებები გაატანა, მაგრამ კავშირის დაკარგვა მაინც საფრთხეა ღირებულებათა შესუსტებისა, განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი თვალისმომჭრელი საცდუნებლებია ყველგან… ოჯახმა, მშობლებმა უნდა იფხიზლონ მუდამ.

საქართველოვ…

მეცოდები, ამდენი სულმოკლე ადამიანის გადამკიდე… არადა, შენ მათ ყველანაირ რესურსს აძლევ.

მენატრება…

ის დრო, როცა სულიერება ყვაოდა და ღირებულებები არსებობდა… ეს ჩემი ბავშვობის და სტუდენტობის წლები იყო.

ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს…

რატომ წამოვედი საქართველოდან? რატომ დავირქვი ემიგრანტი? რატომ წამოვიყვანე შვილები საქართველოდან?

უკვე მივეჩვიე…

მივეჩვიე ღიმილიან და ნათელ სახეებს და კეთილგანწყობილ და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობას, მეგობრობას…

ლექსი, რომელიც შეესაბამება დღევანდელობას…

სამწუხაროდ, ილიას „ბედნიერი ერი“.

თუ დავწერდი წიგნს საქართველოს შესახებ, დავარქმევდი…

სათაური? ადრე ვამბობდი: აღმოუჩენელი სამოთხეა საქართველო და მიხედეთ-მეთქი, ვწერდი Forbes-ს და National Geographic-ს იმეილებს – აღმოაჩინეს უკვე… ახლა დავარქმევდი: „საქართველო: ქართველთა მიერ ვერდაფასებული და უცხოელთა მიერ დაფასებული“ („ვერდაფასებული“ გრამატიკულად მცდარი არაა – დიახ, „არ“ კი არა, „ვერ“).

ისე, მე უკვე საქართველოს და ჩემს ხალხს მივუძღვენი წიგნი, მემუარული პროზა „ბილიკები ამერიკისკენ“ და მისი ინგლისურენოვანი ვარიანტი ამერიკელი მკითხველისთვის „გაყოფილი სული. თანამედროვე ემიგრანტის ცხოვრება“. კიდევ გამოცემული მაქვს „ლეპტოპიადა“, „სული სივრცეში“ და „დალეკო ოტ სჩასტია? ანუ ჩაიხედე სარკეში“. ყველა ჩემი წიგნი საქართველოს სიყვარულით, მისი კეთილდღეობის სურვილით და რჩევებითაა გამსჭვალული.

ის, რაც გადაგვარჩენს…

საღად აზროვნება; საკუთარი ნაკლის დანახვა, აღიარება, სურვილი სხვისი შენიშვნის თუ რჩევის გაზიარებისა… ბოლოს და ბოლოს, მიხვედრა: ყველამ თავის თავზე უნდა აიღოს საკუთარ ცხოვრებაზე, წარმატებაზე და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა! არავინაა ვალდებული შენ წინაშე! სხვაზე გადაბრალება საკუთრ თავთან შეხვედრის შიშია. შენივე ქმედების თუ უმოქმედობის შედეგია ის რეალობა, რაშიც ცხოვრობ!

ჩვენი დროის გმირები…

ადამიანები, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ, აკეთებენ, იცავენ სამშობლოს, იბრძვიან, ხელს უწვდიან… ვისურვებდი, დაიმსხვრეს სტერეოტიპი, რომ ასეთები სიკვდილის მერე ფასდებიან… ასეთი ადამიანები ერთეულები არიან სამყაროს მასშტაბითაც და მათ სანთლის ცეცხლივით გაფრთხილება სჭირდებათ. ვისურვებდი, დიმიტრი უზნაძის თეორია გადმოიღონ ფსიქოლოგებმა და ფსიქოლოგია გახდეს ნომერი პირველი შესასწავლი საგანი / მეცნიერება / საკითხი საქართველოში – ფსიქოლოგიაში გარკვევა დაეხმარება ქართველს საუკუნეობრივი ლაბირინთებიდან გამოსვლაში. ჩვენ საუკუნეების ტვირთს ვზიდავთ, ამ ტვირთით სულ უფრო და უფრო რთულია სიარული; ახლა ცნობიერების გამოღვიძების ერაა… ტექნოლოგიების, აზროვნების, მეცნიერული თუ ხელოვნების მიღწევების ასეთი შერწყმა არასდროს ყოფილა აქამდე. ასე რომ, ჩვენსა და ჩვენი შვილების თაობას, იქნებ და, სწორედ უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია? თუმცა რა საკითხავია? აკისრია კიდეც!..

დავბრუნდები, როცა…

მე არც არასდროს წავსულვარ, არ მიმიტოვებია… ამ 20 წელში 22-ჯერ ჩამოვედი საქართველოში. მე ჩემს შვილებში ჩავდე სამშობლოს გრძნობა. ჩემი 23 წლის ბიჭი ხვალ სამშობლოში მოფრინავს და იქ სურს ყოფნა.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

ემიგრანტებს? თქვენ ვალი უკვე მოიხადეთ შვილების, ქმრების წინაშე (ან იქნებ ეს თავიდანვე მცდარი შეხედულება იყო). ყველაფერს ზღვარი აქვს. იოლად მოსული ფული აფუჭებს ადამიანს. საბოლოოდ მაინც არ ფასდება. ასე რომ, ახლა დროა, ცოტა თქვენც იცხოვროთ! ახლა დროა, მათ დამოუკიდებლად გაქაჩონ ცხოვრების ჭაპანი, რათა მიხვდნენ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ამ სადავეების მართვა მხოლოდ თქვენზეა!

24 ოქტომბერი, 2019,  ჩიკაგო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close