მსოფლიოსაზოგადოება

როგორ მოვიპოვოთ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება

სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გსურთ, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გადაგიწყვეტიათ? ეს ალბათ დაკავშირებულია სწავლისა და საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებთან.

საზღვარგარეთ განათლების მიღება წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. პირველ რიგში, ევროპა არც თუ ისე შორსაა ჩვენგან და მეორე, საზღვარგარეთ სწავლის დამთავრების შემდეგ ბევრად უფრო პერსპექტიული სამსახურის პოვნის შანსი არსებობს.

ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სწავლა საზღვარგარეთ მხოლოდ მდიდარი მშობლების შვილებისთვის, ან  განსაკუთრებულად ჭკვიანი ადამიანებისთვისაა შესაძლებელი, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. თუ ხელთ გაქვთ რომელიმე ქართული უნივერისტეტის დიპლომი, ან იმყოფებით დამამთავრებელ კურსზე, თქვენ გაქვთ შანსი, მიიღოთ გრანტი და ისწავლოთ საზღვარგარეთ უფასოდ.

ერასმუსი – Erasmus Mundus Joint Master Degrees

ერასმუსი გთავაზობთ გაერთიანებულ სამაგისტრო პროგრამებს, სწავლისა და ცხოვრების სრულ დაფინანსებას 1-2 წლის განმავლობაში. აღნიშნული პროგრამები აერთიანებს რამდენიმე უნივერსიტეტს, განაცხადის შევსებისას ირჩევთ ერთ-ერთს და მათ პორტალზე ავსებთ აპლიკაციის ფორმას. დედლაინები, მოთხოვნები და სააპლიკაციო თავისებურებები უნიკალურია თითოეული პროგრამისთვის. კარგად გაეცანით ბმულზე მოცემულ წლევანდელ პროგრამებს. რომელიმე აუცილებლად მოერგება თქვენს ინტერესებს.

ადელაიდას სტიპენდიები – Adelaide Scholarships International

ავსტრალიაში მდებარე ადელაიდას უნივერსიტეტი გთავაზობთ სტიპენდიებს, დაზღვევის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებით. დაფინანსება გრძელდება სრული სასწავლო პროგრამის განმავლობაში. თუ ბაკალავრი წარჩინებით დაასრულეთ, მაშინ გაეცანით პირობებს და დაიწყეთ აპლიკაციის შევსება ბმულზე. 

თქვენი აპლიკაცია სტიპენდიებზე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დააკმაყოფილებთ მოთხოვნებს:

* აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

* წარმოაჩენთ თქვენი ინგლისური ენის ცოდნას.

* ფლობთ ავსტრალიის ხარისხის ეკვივალენტს შესაბამისი პროგრამისთვის.

ხვალინდელი ლიდერი – International Leader of Tomorrow Award at University of British Columbia

კანადაში მდებარე ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს სტიპენდიებს სთავაზობს. აპლიკაციის შესავსებად აუცილებელია:

* საუკეთესო აკადემიური მოსწრება;

* დაამტკიცოთ ინგლისური ენის ცოდნა;

* ფლობდეთ ბაკალავრის დიპლომს.

დამატებითი მოთხოვნები განიხილება სპეციფიკური პროგრამის მიხედვით.

DAAD

გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის DAAD-ის სტიპენდიები არაჩვეულებრივი შანსია სწავლის დასაფინანსებლად საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხუზე. DAAD-ი დაგიფინანსებთ ენის კურსებსა და ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდიები მორგებულია სტუდენტების საშუალო ხარჯებზე და უზრუნველყოფს თქვენს წარმატებულ კარიერას გერმანიაში. 

DAAD-ის აპლიკაციები საკმაოდ შრომატევადია. აუცილებლად დაგჭირდებათ:

* წარმოაჩინოთ აკადემიური მოსწრება;

* სკოლის უმაღლესი საფეხურის ნიშნები;

* მოტივაცია;

* სასურველი უნივერსიტეტებისა და პროგრამების სია;

* დეტალურად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;

* 2 სარეკომენდაციო წერილი;

* დიპლომები ან სერტიფიკატები თქვენი აპლიკაციის გასამყარებლად;

* ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი და სხვა.

დიდი კედელი – Great Wall Program

თუ სწავლის გაგრძელება ჩინეთში გსურთ, აუცილებლად გაეცანით ჩინეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამას. სტიპენდიით დაჯილდოვდებიან საერთაშორისო სტუდენტები, რომლებსაც ჩინეთში სურთ კვლევის გაგრძელება. 

ფულბრაითი – Fulbright Foreign Student Program

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გასაგრძელებელი სტიპენდიები გთავაზობთ სამაგისტრო საფეხურის დაფინანსებას. სააპლიკაციო თავისებურებები იცვლება თქვენი პროფესიის, სასწავლო პროგრამის ტიპის/კვლევის მიხედვით. აირჩიეთ საქართველო ჩამონათვალში და ბმული გადაგიყვანთ შესაბამის ვებგვერდზე, სადაც შეძლებთ დაწვრილებით გაეცნოთ მათ მოთხოვნებს.

უმეტესად სააპლიკაციო მოთხოვნებში შეგხვდებათ:

* ბაკალავრის დიპლომი;

* ინგლისური ენის სერტიფიკატი;

* პროგრამის შესაბამისი კვალიფიკაციები;

* თქვენი ლიდერობისა და თანამშრომლობის უნარების წარმოჩენა.

ვესტმინსტერის სტიპენდიები – Westminster Full International Scholarship

თუ სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში გსურთ და თავს სწავლის საფასურის გამო იკავებთ, მაშინ აუცილებლად გაეცანით გრანტებს ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან. აპლიკაციის შესავსებად ისევ და ისევ საუკეთესო აკადემიური მოსწრება და ფინანსური საჭიროების წარმოდგენა მოგეთხოვებათ.

ვისბის სტიპენდიები – Visby Programme scholarships for master’s studies

ვისბის გრანტები გაძლევთ შანსს, სრულად დაიფინანსოთ სწავლა შვედეთის უნივერსიტეტებში მაგისტრატურის საფეხურზე. აპლიკაციების შევსება იწყება თებერვალში. თუ განაცხადის შევსებისას თქვენს ინტელექტსა და ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს გამოამჟღავნებთ, დიდი შანსი გაქვთ, დაიფინანსოთ სწავლა თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პროგრამაზე.

აპლიკაციისთვის დაგჭირდებათ:

* ნიშნების ფურცელი;

* სწავლის ცნობა უნივერსიტეტიდან ან დიპლომი;

* სამოტივაციო წერილი;

* სარეკომენდაციო წერილი;

* ენის სერტიფიკატი და სხვა.

ვისბის სტიპენდიები არ არის მიბმული სასწავლო პროგრამასთან. შესაბამისად, უნივერსიტეტში განაცხადს ცალკე ავსებთ და დამოუკიდებლად ერთვებით სასტიპენდიო კონკურსში.

კლარენდონის სტიპენდიები – Clarendon Scholarships at the University of Oxford

ყოველწლიურად კლარენდონის სტიპენდიები 140 წარჩინებულ სტუდენტს აფინანსებს. თქვენ ავტომატურად განიხილებით სტიპენდიისთვის, თუ იანვრამდე შეავსებთ სააპლიკაციო ფორმას. 

წყარო: visageorgia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close