ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, მუშაობა შეაჩერეს

ისრაელის საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის არსებული უთანხმოების გამო, მთელ მსოფლიოში ისრაელის საელჩოებმა და საკონსულოებმა მუშაობა შეაჩერეს.

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს ყველა დიპლომატიური მისია საზღვარგარეთ.

ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული უთანხმოება დიპლომატებისა და სამხედრო ატაშეების ხარჯების ანაზღაურების წესის ცვლილებას ეხება.

ისრაელელი დიპლომატების გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერა საქართველოში არსებულმა ისრაელის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამაც.

„ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებაში.

1tv.ge

კომენტარები