კინო/ფილმებისაზოგადოებასაქართველო

ლევან გელბახიანს ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო გადაეცა

ვალიადოლიდის (ესპანეთი“ საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო, – ნათქვამია კინოფესტივალის ფეისბუქგვერდზე.

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced“ კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced“ მსოფლიო პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, სადაც მან კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის, მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე ბიჭი შეუყვარდება.

„ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე“, – აცხადებს ლევან აკინი.

ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

გარდა ამისა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ლევან გელბახიანს გადაეცა კინოფესტივალის პრიზი „სარაევოს გული“ (კინოფესტივალი 2019 წლის 16-23 აგვისტოს გაიმართა).

ვალიადოლიდის კინოფესტივალი 1956 წლიდან იმართება და ესპანეთში საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია. სხვადასხვა დროს იგი დაკავშირებული იყო ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: პედრო ალმადოვარი, კენ ლოუჩი, არტურ პენი, ინგმარ ბერგმანი, ლუკინო ვისკონტი, ფრანსუა ტრიუფო, ვონგ კარ-ვაი, ანჟეი ვაიდა, ნიკიტა მიხალკოვი და სხვა. წელს ვალიადოლიდში საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული, ხოლო საფესტივალო ჟიურიში 2 ქართველი ხელოვანი იყო წარმოდგენილი.

ghn.ge

დამატებითი ინფორმაცია: „თბილისი პრაიდი“ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ლევან აკინის ფილმი „And Then We Danced“ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გამოვა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 3 დღით.

მათივე ინფორმაციით, საჯარო ჩვენებას მსახიობები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ვერ დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

მსგავს თემაზე: ესპანეთში საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close