რატომ გვიანდება წელს გრიპის საწინააღმდეგო აცრის დაწყება?

საქართველოში ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინით გრიპის საწინააღმდეგო აცრა ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, წელს მსოფლიოში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის მიწოდება ერთი თვით დაგვიანდა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებენ ზამთარში. შესაბამისად, ვაქცინის მწარმოებლებმა ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება ერთი თვით გვიან დაიწყეს.

როგორც  გამყრელიძე ამბობს, 2018 წელთან შედარებით, წელს სახელმწიფომ ვაქცინის ორ-ნახევარჯერ მეტი დოზა იყიდა, რომლითაც 100 000 ადამიანის აცრაა შესაძლებელი და ვაქცინაცია უფასო იქნება.

„კონტრაქტის მიხედვით, 25 ოქტომბერს უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია, რაც გუშინწინ მივიღეთ არის ის, რომ 29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 000 დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე, ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდან მოხდეს რისკჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მოთხოვნილება და როგორც შარშან, ალბათ გვექნება ე.წ.თავისუფალი დღეები, როდესაც უკვე არა მარტო რისკჯგუფებს, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, რომ აიცრან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ცივი სეზონის დადგომასთან ერთად იზრდება ერთად გრიპისა და ვირუსული დაავადებების რისკი. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები