სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო

სალომე ზურაბიშვილი თეიმურაზ ლაჟავასთან ერთად
იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს. 59 წლის ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონია იმპერატორის სასახლეში, „ფიჭვების დარბაზში“ გაიმართა.

მანამდე იაპონიის ახალმა იმპერატორმა დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მამას, აკიჰიტოს, რომელმაც ტახტზე 30 წელი გაატარა და „ჭირშიც და ლხინშიც ხალხთან ერთად იდგა“.

ნარუჰიტომ იმპერატორის ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც მამამისმა, 83 წლის აკიჰიტომ იმპერატორობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა. ზოგადად, იაპონიის იმპერატორის ტახტზე უარის თქმა დაუშვებელია, თუმცა იაპონელმა კანონმდებლებმა აკიჰიტოსთვის გამონაკლისი დაუშვეს. ახლა აკიჰიტო „საპატიო იმპერატორის“ ტიტულს ატარებს.

იაპონიის ახალი იმპერატორის ინტრონიზაციის ცერემონიას 174 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

იაპონიის იმპერატორის ინტრონიზაციის ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე ავრცელებს, სადაც ის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან  დესპანთან იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავასთან ერთადაა გადაღებული.

ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ქეთევან გორჯესტანთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებასაც დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებ შეხვდა. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს-ტოჩინოშინსაც შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

მომზადებულია 1tv.ge-ის მასალების მიხედვით

კომენტარები