შექმნეს პირველი წამალი, რომელიც ალცჰაიმერის დროს დემენციას ანელებს

„გეთი იმიჯის“ ფოტო
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია BIOGEN-ი აცხადებს, რომ შეიქმნა პირველი მედიკამენტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას ანელებს. კომპანიის თქმით, წამალი ბაზარზე გასაყიდად მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. წამლის სახელწოდებაა ადუკანუმაბი.

დღეისათვის ალცჰაიმერით გამოწვეული დემენციის პროცესის შენელების საწინააღმდეგო მედიკამენტები არ იყიდება, არსებობს მხოლოდ ისეთი წამლები, რომლებიც სიმპტომებს ებრძვიან.

Biogen-ი აცხადებს, რომ მალე შეეცდებიან ნოვატორულ პრეპარატთან დაკავშირებით აშშ-ის წამლის მარეგულირებელი სააგენტოსგან თანხმობა მოიპოვონ, თუმცა ეს პროცესი შესაძლოა 1-2 წელს გაგრძელებს. ის აპირებს სათანადო დოკუმენტები სააგენტოს 2020 წელს წარუდგინოს. წარმატების შემთხვევაში კომპანია თავიდან იმ პაციენტებს შესთავაზებს მკურნალობას, რომლებიც წამლის კლინიკურ გამოცდაში იყვნენ ჩართულნი. კომპანიის მთავარი სამიზნე ევროპის ბაზარია.

კომპანიის დღევანდელი განცხადება ცოტა უცნაურია, რადგან მიმდინარე წლის მარტში მისმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კვლევები წარუმატებელი აღმოჩნდა და ისინი ალცჰაიმერის წამალზე აღარ იმუშავებენ. ახლა კომპანიის მკვლევარები ამბობენ, რომ კვლევის შედეგების უფრო ფართო მონაცემების გაანალიზებით დადგინდა გაზრდილი დოზით პრეპარატის მიღების სარგებელი ალცჰაიმერის ადრეულ სტადიაზე მყოფი პაციენტებისთვის: ის ანელებს ალცჰაიმერის დაავადების კლინიკურ გამოვლენას, რომ პაციენტებმა უფრო დიდხანს შეინარჩუნონ მეხსიერება და ყოველდღიური ცხოვრების უნარები, რასაც, უმეტესად, ართმევს ადამიანებს ეს დაავადება.

პრეპარატი Aducanumab-ი განკუთვნილია ცილა ამილოიდის წინააღმდეგ – ეს ცილა ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანის ტვინში ჭარბი რაოდენობით გროვდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამილოიდი ტოქსიკურია თავის ტვინის უჯრედებისთვის და წამლის გამოყენებით ტვინის მისგან გაწმენდა დემენციის მკურნალობის პროცესში უზარმაზარი ნაბიჯი იქნება, თუმცა ის მთლიანად განკურნებას ვერ უზრუნველყოფს.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დემენციის მკურნალობა შორს არ არის, თუმცა სიფრთხილეს იჩენენ და აპირებენ ადუკანუმაბის კლინიკური გამოკვლევის შედეგები დიდი ყურადღებით შეისწავლონ.

კომენტარები