კატებმა იტალიაში ოჯახი დაღუპვას გადაარჩინეს

შინაურმა კატებმა გენუის პროვინციაში ოჯახური წყვილი სიკვდილს გადაარჩინეს მეწყრის ჩამოწოლის დროს. შემთხვევა გასულ ორშაბათს, ღამით მოხდა. ამის თაობაზე ადგილობრივი გაზეთი Il SECOLO XIX წერს.

„ჩემი მეუღლე ლოგინიდან ადგა, რადგან ჩვენი კატები – სიმბა და მოსე ხმაურობდნენ და გაგვაღვიძეს. როდესაც იგი მივიდა გასაგებად, რაში იყო საქმე, დაინახა, რომ კატები ბათქაშის ნამსხვრევით თამაშობდნენ. ბათქაში ჭერიდან ჩამოვარდა. სწორედ მათი წყალობით გადავრჩით“, – განაცხადა სახლის პატრონმა კლაუდიო პიანამ.

მამაკაცის თქმით, მან და მისმა ცოლმა საბრინამ გადაწყვიტეს, სახლი დაეტოვებინათ და როდესაც გადიოდნენ, ხედავდნენ, როგორ ჩნდებოდა კედლებზე ბზარები. იმ ღამეს მეწყერმა სახლს ფუნდამენტი გამოაცალა. ცოლ-ქმარმა მანქანასთან მიირბინა, თუმცა წყლის ნიაღვრებისა და ტალახის გამო ისინი ხაფანგში აღმოჩნდნენ. საბედნიეროდ, რამდენიმე წუთის შემდეგ ცოლ-ქმარი მაშველებმა გადაარჩინეს.

„ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა: კლაუდიო, შენი სახლი დაინგრა. ახლა ჩვენ გენუაში უნდა წავიდეთ და ტანსაცმელი ვიყიდოთ. აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი სახლში დავტოვეთ. მაშველებმა გვითხრეს, რომ ვეღარასდროს დავბრუნდებით, რადგან ძალიან საშიშია“, – თქვა კლაუდიო პიანამ.

მისი თქმით, საბედნიეროდ, სიმბა და მოსე გადარჩნენ და უსაფრთხოდ არიან. ქუჩაში დარჩენილი წყვილი მეგობრის ოჯახმა შეიფარა.

გაზეთის საიტზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს დანგრეული სახლი.

კომენტარები