კასპში დედის მიერ მოკლული ჩვილის მამას დღეს ბრალი წარედგინა

გორის რაიონული სასამართლო კასპში დედის მიერ მოკლული შვიდი თვის ბავშვის მამის, მიხეილ დვალიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურორმა მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი დღეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ​სექსუალური ხასიათის ურთიერთობას გულისხმობს.

თავად დვალიშვილი ბრალს არ ეთანხმება, მისი ადვოკატი კი აპირებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვოს.

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის მაისში დაიწყო – მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა 16 წლისაა.

კასპში შვიდი თვის შვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი არასრულწლოვანია, სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები