ლიკაბეტოსის მთა ათენში და წმინდა გიორგის ეკლესია
ათენში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის კარგადაა ცნობილი ლიკაბეტოსის (თანამედროვე ბერძნულ ენაზე – ლიკავიტოსი/Λυκαβηττός) ლამაზი მთა, რომელიც ქალაქის ცენტრს გადმოჰყურებს, ხოლო მის მწვერვალზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას. ლიკაბეტოსი მშვენიერი ადგილია დასასვენებლად და სასეირნოდ. იქიდან, ფაქტობრივად, მთელი ათენი მოჩანს.
მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 263 მეტრია, ის ფიჭვნარითაა დაფარული. მთის ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გარდა, არსებობს თეატრი და რესტორანი. ლიკაბეტოსი ათენის უმაღლეს წერტილად ითვლება და პოპულარული ტურისტული ადგილია. ყოველწლიურად ათასობით ბერძენი თუ უცხოელი სტუმარი ადის მთაზე, რათა დატკბეს ქალაქის ხედით, მოინახულოს ლიკაბეტოსის წმინდა გიორგის ეკლესია. მას ათენში ყველაზე რომანტიკულ ადგილად მიიჩნევენ. ლიკაბეტოსის ფუნიკულიორი კოლონაკის სადგურიდან ადის.
ლიკაბეტოსის მთა სხვადასხვა ლეგენდაში გვხვდება. ყველაზე პოპულარული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძველად ეს მთა იყო მგლების თავშესაფარი, რაც მისი სახელის წარმომავლობიდანაც ჩანს (ლიკაბეტოსი ნიშნავს „ადგილს (გორას), რომელზეც მგლები დადიოდნენ“).
მითოლოგიის თანახმად, ლიკაბეტოსის შექმნას ქალღმერთ ათენას მიაწერენ. ეს ბორცვი შეიქმნა მაშინ, როდესაც ათენას დაუვარდა ცარცული მთა, რომელიც პალენეს ნახევარკუნძულიდან მოჰქონდა. მთა ქალღმერთს მას შემდეგ დაუვარდა, რაც ყვავმა ცუდი ამბავი შეატყობინა. ლეგენდის თანახმად, ამ ამბის შემდეგ ყვავები შავები გახდნენ და მათი ჩხავილი ცუდი ამბის მომასწავებლად ითვლება.
ბორცვზე, ღია ცის ქვეშ, მდებარეობს ამფითეატრი, სადაც არაერთი ბერძნული და საერთაშორისო წარმოდგენა იმართება. ლიკაბეტოსის თეატრის სცენაზე უამრავი არტისტი და ჯგუფი გამოსულა, მათ შორის: რეი ჩარლზი, ბი ბი კინგი, ჩაკ ბერი, ჯერი ლი ლუისი, ჯეიმზ ბრაუნი, ბობ დილანი, პაკო დე ლუსია, ალ დი მეოლა, ჯონ მაკ ლაფლინი, გერი მური, პიტერ გებრიელი, Black Sabbath, ნიკ კეივი, ბიორკი, Dead Can Dance, Pet Shop Boys, Deep Purple, Radiohead, ტრეისი ჩეპმენი, პეტი სმითი, ვანესა მეი, ბრაიან ფერი, ტიტო პუენტე, ბუენა ვისტას სოციალური კლუბი და „სკორპიონსი“.
ლიკაბეტოსის წმინდა გიორგის ეკლესია (ბერძ. Άγιος Γεώργιος) შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. ის მთის ზედა ნაწილშია. ტურისტების ილუსტრაციების (მაგალითად, 1672 წლის „ლაბორადე“) მიხედვით ჩანს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძარი იდგა. გარდა ამისა, ნაპოვნია ორი წარწერა, რომელთა მეშვეობითაც დგინდება მეტად საინტერესო ფაქტი: თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა „ანასტასიუს ჩერკეოსისა და ორანდას სასაფლაოები“. როდესაც პირველი ტაძარი განადგურდა, იმავე საფუძველზე აიგო ახალი, ერთ კვარცხლბეკზე მდგომი სამეფო ტაძარი, რომელსაც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ეწოდა.
იატაკზე არსებული წარწერა გადმოგვცემს, რომ წმინდა გიორგის ეკლესია 1782-1785 წლებში აიგო. მოგვიანებით ტაძარი ორ სამლოცველოდ გაიყო: წინასწარმეტყველ ელიას და წმინდა კონსტანტინეს სახელობის სამლოცველოებად.
წყარო: wikipedia.org
კომენტარები