კანონპროექტი დამტკიცდა: იტალიის პარლამენტის წევრთა რაოდენობა 345-ით მცირდება

„ანსას“ ფოტოკოლაჟი
იტალიის საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე საათის წინ, 8 ოქტომბერს საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო კანონპროექტი პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების შესახებ. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.

დეპუტატებმა გადაწყვეტილება მონტეჩიტორიოს სასახლის სხდომათა დარბაზში თითქმის ერთხმად მიიღეს – ცვლილებას 567-იდან 553-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 2-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, 14 კი – წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის პროცედურას იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელაც ესწრებოდა.

კანონპროექტის თანახმად, სენატორების რაოდენობა (ზედა პალატის რიცხოვნობა) 315-იდან 200-მდე შემცირდება, დეპუტატების რაოდენობა კი (ქვედა პალატა) – 630-იდან 400-მდე. საერთო ჯამში პარლამენტართა რიცხვი 345-ით ნაკლები იქნება.

როგორც ცნობილია, ეს კანონპროექტი „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ინიციატივაა, რომელიც მის წინასაარჩევნო პროგრამაში შედიოდა. დოკუმენტის ავტორების აზრით, პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება მის ყოველ შემადგენლობაზე 500 მლნ ევროს ეკონომიის საშუალებას მისცემს ქვეყანას, აგრეთვე, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიღების პროცესს დააჩქარებს.

„ისტორიული რეფორმა, იტალიელ მოქალაქეთა გამარჯვება“, – ასე შეაფასა ლუიჯი დი მაიომ დოკუმენტის საბოლოო დამტკიცება.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: იტალიის სენატმა პარლამენტართა რიცხვის შემცირებას მხარი დაუჭირა

იტალიის პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 345-ით მცირდება

კომენტარები