პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ხაზარაძის სექსისტურმა განცხადებამ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში ცომი მოაზელინა

გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ცომი მოზილა – ასე გააპროტესტა ჟურნალისტმა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სექსისტური განცხადება – „ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ არ იცის, რა არის ინფრასტრუქტურა“.

ინგა გრიგოლიამ ისაუბრა იმ საქმეებზე, რომლებსაც ქალები აკეთებენ სამსახურში წასვლამდე.

„მინდა გაჩვენოთ, როგორი მარტივია, როდესაც ქალი ჯერ ცომს მოზელს, შემდეგ ხაჭაპურს გამოაცხობს ან რაიმე სხვას, ამის შემდეგ მოვა სამსახურში და იმ პოლიტიკოსების საქმიანობის გაშუქებას დაიწყებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი დღის განმავლობაში. აი ასე, ძალიან მარტივია.

ჩემი დილა იწყება ხოლმე ასე – ვიღვიძებ, ვიწყებ სახლის საქმეების კეთებას, თუ საჭიროა, ცომის ამოზელვაზეც არ ვამბობ უარს. როცა სამზარეულოს საქმეებს მოვრჩები, ვალაგებ სახლს, ვემზადები და მხოლოდ ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში, ბატონებო, რომლებსაც გგონიათ, რომ ქალი მხოლოდ „კუხნაში“ უნდა იყოს.

როცა ცომს ვზელ, ამ დროს ვფიქრობ ხოლმე ჩემი გადაცემის თემებზე და იმაზე, თუ რა კითხვა უნდა დავუსვა გადაცემის რესპონდენტებს.

სამსახურში მოვდივარ, სტუდიაში შევდივარ. მშვიდად ვარ იმით, რომ სახლში ყველაფერი წესრიგში მაქვს და ვამბობ: „საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია „რეაქცია“, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, წარმოგიდგენთ მე, ინგა გრიგოლია“.

აი, ასეთები ვართ ქალები საქართველოდან“, – თქვა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 3 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა:

„მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ“, – თქვა მან.

მისი ამ განცხადების კრიტიკას ხაზარაძე მოგვიანებით ფეისბუქზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამოთქმა მინისტრის სქესს არ გულისხმობდა და ზუსტად იგივე კონტექსტში ახსენა ხაჭაპურის ცხობა პროკურატურაზე საუბრისას.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close