ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

ინგა ლონდარიძე: „ეს გარდაუვალია, აუცილებლად დავბრუნდები!“

საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ინგა ლონდარიძე ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:

 

ჩემი ერთი ემიგრანტის ისტორია…

სირთულეებით სავსე დღეები, განცდა, რომ ვარ იქ, სადაც ჩემი არაფერი არ არის…

მოსწყდე შენს ქვეყანას, ნიშნავს…

იყო მუდმივი ნოსტალგიის ქვეშ.

ის, რაც საზღვრებს მიღმა დატოვე…

შვილი, დედა, მეუღლე, ოჯახი, ნათესავები, ბავშვობის მეგობრები, მამის საფლავი…

საქართველო…

სამოთხეა. იქ არის ჩემი ფესვები, იქ სუნთქავენ ჩემი საყვარელი ადამიანები…

უცხო ქვეყანაში ყოველთვის ვამაყობ ჩემი ქვეყნის…

სილამაზით, კულტურით, სტუმართმოყვარეობით… და იმით, რომ ჩვენთან სხვანაირად უყვართ…

განსხვავება უცხო ქვეყანასა და ჩემს ქვეყანას შორის…

აქ ძალიან იცავენ კანონებს… არც ჩვენ გვაწყენდა!

ტრადიცია, რომელიც მომწონს და არ მომწონს…

ძალიან მიყვარს ახალი წელი, მიყვარს, როცა ოჯახი ერთად ხვდება ამ დღეს, თუმცა დღეს რაღაცები შეიცვალა… არ მომწონს სასაფლაოზე რომ თვრებიან…

მენატრება…

ბავშვობა მენატრება და ის ადამიანები, რომლებიც უკვე აღარ არიან…

შვილებო, მშობლებს უთხარით…

ყოველდღე მოიკითხეთ, ჩაეხუტეთ და უთხარით, რომ ძალიან, ძალიან გიყვართ.

არასოდეს დამავიწყდება…

როცა ჩემი შვილი პირველად ჩავიხუტე, მისი სითბო, სურნელი და მისი პაწაწინა ხელები… ახლა უკვე დიდი ვაჟკაცია… მალე გარბის წლები! და, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებმაც სიკეთე გამიკეთეს.

ვეღარ ვუძლებ…

ამდენ შავებში ჩაცმულ დედას რომ ვხედავ… გვაკმარე, უფალო!

გულით დავატარებ…

სიყვარულს ადამიანების მიმართ, ტკბილ მოგონებებს, დედის სითბოს, მამის ხსოვნას… ჩემს გულში სიძულვილის ადგილი არ არის!

როდესაც ჩემს თავთან მარტო ვრჩები…

ოოო… ძალიან ბევრს ვფიქრობ, ხან ვტუქსავ საკუთარ თავს, ხან ვაქებ… ვეძებ ამა თუ იმ გამოსავალს…

დრო…

ფუჭად არ უნდა დახარჯო, უნდა აკეთო საყვარელი საქმე, აკეთო სიკეთე, შექმნა მომავალი… უნდა იმოძრაო, არ უნდა გაჩერდე, ცხოვრება არც ისე ხანგრძლივია.

უკვე მივეჩვიე…

ადამიანები ყველაფერს ისე გებულობენ, როგორც ესმით და უნდათ, ცას და ქვეყანას მე ვარ გამოვასწორებ, ამიტომ ვტოვებთ იქ, სადღაც არიან და ვეცლები.

ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს…

იმას, რომ ადამიანები ამა თუ იმ მიზნებისთვის იგონებენ ტრაგიკულ ისტორიებს… ადვილად ვიჯერებ… 🙂 ზედმეტად გულჩვილი ხომ არ გავხდი??? 🙂

მჯერა…

სიყვარული გადაგვარჩენს, უფლის სამართლიანობის და ის, რომ „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა“.

ის, რაც გადაგვარჩენს…

რწმენა, ლოცვა, ბევრი უანგაროდ გაკეთებული სიკეთე, სიყვარული…

მინდა ვცხოვრობდე ისეთ საქართველოში, სადაც…

არ ეშიებათ ბავშვებს, მოხუცებს და ა. შ.

ბედნიერი ვარ, რადგან…

ვარ დედა, მყავს კარგი შვილი, ერთგული მეგობრები… მიყვარს და ვუყვარვარ…

ჩემი ნიჭი,შემოქმედებითი უნარი, რითაც ვახერხებ დავკავდე…

ვწერ ლექსებს… ყოველი ლექსი ჩემი სულის ამოძახილია… ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მინდა ვწერო ყოველ წუთს, ყოველ წამს, შეუჩერებლად… არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ გულს უხარია, ესაა და ეს…

არასდროს არის გვიანი…

ვუთხრათ მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომ გვიყვარს… ვაპატიოთ ადამიანებს, დავეხმაროთ და ვიბრძოლოთ მიზნის მისაღწევად…

ცხოვრება გვაიძულებს…

ვიბრძოლოთ, არ დავეცეთ, წავიდეთ წინ, წინ და წინ…

ლექსი, რომელიც შეესატყვისება დღევანდელ ყოფას…

სიამოვნებით. საკუთარ ლექსს შემოგთავაზებთ:

შენ, მიწავ ჩემო, მერამდენედ უნდა გაგთელონ,

სიცოცხლის ვაზო, მერამდენედ უნდა გაგჩეხონ,

შვილის გლოვაში დედის გულო, ღამენათევო,

მამულო ჩემო, წინაპართა სისხლით ნაშენო.

ციხე შიგნიდან არ ტყდებაო, ვინ დამაჯეროს,

მუმლი მუხასა რას დააკლებს, მანამ ვარსებობთ,

მოდით, ქართველნო, ეს ქვეყანა ერთად ვაშენოთ,

მრავალჟამიერ მომავლისა ერთად დავსჭექოთ!

ჩვენი დროის გმირები…

საქართველო გმირების ქვეყანაა. შინდისის გმირებიდან რომ დავიწყოთ, ალბათ ეს სივრცე არ მეყოფა. უბრალოდ ვიტყვი: მეამაყება, რომ გმირების ქვეყნიდან ვარ.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს…

რაც ყველაზე მთავარია, ემიგრანტებო, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას! ისევ ჩემი ლექსით მინდა მოვეფერო ემიგრანტ ქალბატონებს:

რა ლამაზი ხართ, ქალბატონო, როგორ გიხდებათ წლები,

თვალთან შეგტყობიათ ცოტაოდენ, ერთ დროს დაგემდურათ ბედი,

მაგრამ არ იდარდოთ ნაოჭები, დარდიც უსაშველოდ გშვენით,

მაინც რა კარგი ხართ, ქალბატონო, რომ არ დაგკარგვიათ ფერი,

თქვენი ეგ ღიმილი, ვითომ გულიანი, ვიცი, რომ არაფერს შველის,

ვერა, ვერ დამალეთ, ქალბატონო, ერთ დროს დაგემდურათ ბედი,

მაგრამ არასოდეს არ ინანოთ, სულით სილამაზე გშველის,

მეტად ლამაზი ხართ, ქალბატონო, წყალსაც წაუღია ბედი.

დავბრუნდები, როცა…

ეს გარდაუვალია, აუცილებლად დავბრუნდები! „არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა“!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close