„მსოფლიო რაგბი“ საქართველოს ბოდიშს უხდის

„მსოფლიო რაგბი“ ბოდიშს იხდის საქართველო-ურუგვაის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე რუსული სიმღერების გაჟღერებისთვის, იუწყება სააგენტო „როიტერსი“.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, საქართველოს მიერ ურუგვაისთვის ლელოების დადებისას სტადიონზე ვალერი მელაძის სიმღერის ფრაგმენტი ჟღერდა. ამის გამო, მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა მორაგბე ჯაბა ბრეგვაძემ სთხოვა ორგანიზატორებს, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დაეშვათ. მას ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც მიბაძა.

„ისინი რუსულ სიმღერას უკრავდნენ მატჩის შემდეგ. ქართველი მღეროდა, მაგრამ ეს რუსული სიმღერა იყო. გვსურს გითხრათ, რომ საქართველო რუსეთი არ არის. ჩვენთან განსხვავებული ენა და კულტურაა. ძალიან გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ“, – განაცხადა ჰეიგმა.

„მსოფლიო რაგბის“ პრესმდივანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს ამ შეცდომის გამო.

„გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს ქართველ მეგობრებს ამ უხერხულობისთვის. ჩვენ ეს ამბავი განვიხილეთ ორგანიზატორებთან, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს“, – აცხადებს პრესმდივანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო მომდევნო მატჩს ქალაქ ოსაკაში გამართავს. ამჯერად ჩვენი მოწინააღმდეგე ფიჯი იქნება. მატჩი 3 ოქტომბერს, 09:15 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1tv.ge

კომენტარები