რას არ გაიგებ/ფაქტები

ამაზონის აუზში ყველაზე ძლიერი ელექტრული გველთევზა აღმოაჩინეს, რომელიც 860 ვოლტს გამოიმუშავებს (ვიდეო)

ამაზონის აუზში მეცნიერებმა ორი სრულიად ახალი სახეობის ელექტრული გველთევზა აღმოაჩინეს; ერთ-ერთ მათგანს რეკორდული ელექტროშოკის გამოწვევა შეუძლია.

მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამაზონის წვიმის ტყის წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ უცნობი მრავალი სახეობით და ნათლად აჩვენებს, რატომ უნდა დავიცვათ ეს რეგიონი განადგურებისგან.

კვლევის ავტორის, სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის ზოოლოგის, დავიდ დე სანტანას თქმით, მიუხედავად ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანის მიერ ამაზონის წვიმის ტყისათვის მიყენებული დიდი ზიანისა, იქ მაინც ხერხდება აქამდე უცნობი სახეობების აღმოჩენა, როგორიც ეს ორი გიგანტური ელექტრული გველთევზაა.

დე სანტანას განცხადებით, ეს კვლევა მიუთითებს, რომ ამაზონის წვიმის ტყეში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სახეობაა აღმოსაჩენი, რომელთაგან მრავალი შეიძლება არაერთი დაავადების წამალს მალავდეს ან შთაგვაგონოს ტექნოლოგიური ინოვაციები.

ელექტრულმა გველთევზამ, რომელიც უფრო თევზია, ვიდრე გველი, მეცნიერებს პირველი ელექტრობატარეის დიზაინი შთააგონა.

საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ დიდი ამაზონიის რეგიონში, რომელიც ბრაზილიის, სურინამისა და გაიანის ტერიტორიებს მოიცავს, ელექტრული გველთევზას მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა.

სამხრეთ ამერიკის მიუწვდომელი ნაწილების ველური ბუნების კვლევის ფარგლებში, დე სანტანამ და მისმა ჯგუფმა ამ თეორიის შემოწმება გადაწყვიტეს.

თავდაპირველად ამაზონის აუზის სხვადასხვა ნაწილში შეგროვებულ ამ არსებათა შორის მცირედი ხილული განსხვავებები შენიშნეს და იფიქრეს, რომ ყველა ეს თევზი მართლაც ერთი სახეობის იყო, თუმცა შეგროვებული 107 ნიმუშის დნმ-ის ანალიზებმა საუკუნეების განმავლობაში არსებული მოსაზრება უკუაგდო და გამოავლინა სამი სხვადასხვა სახეობა – აქამდე ცნობილი Electrophorus electricus, Electrophorus voltai და Electrophorus varii.

კვლევის შედეგად გაირკვა კიდევ ერთი განსაცვიფრებელი დეტალი: E. Voltai-ს 860 ვოლტი ძაბვის გამომუშავება შეუძლია. აქამდე ცნობილ გველთევზებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 650 ვოლტი იყო.

მკვლევართა აზრით, ელექტრული გველთევზას ეს სამი სახეობა საერთო წინაპრისგან მილიონობით წლის წინ ჩამოყალიბდა.

იხილეთ სრული ვერსია: https://1tv.ge/news/amazonis-auzshi-yvelaze-dzlieri-eleqtruli-gveltevza-aghmoachines-romelic-860-volts-gamoimushavebs/

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close