მედიცინამსოფლიოფსიქოლოგიასაზოგადოება

მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი თვითმკვლელობა ხდება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი თვითმკვლელობა ხდება, ყოველწლიურად კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით თითქმის 800 000 ადამიანი ასრულებს, – ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. შესაბამისი ანგარიში ორგანიზაციამ თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რომელიც 10 სექტემბერს აღინიშნება.

მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე სუიციდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია გაიანაში, აქ ყოველ 100 000 ადამიანზე თვითმკვლელობის 30,2 შემთხვევა მოდის. მეორე ადგილზეა ლესოტო (28,9), მესამეზე კი – რუსეთი (26,5). მეოთხე ადგილზე მყოფი ლიეტუვა (25,6) სუიციდის მაჩვენებლის მიხედვით ათეულში შემავალი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა. ხუთეულს კოტ-დივუარი (23,0) ასრულებს. ათეულის დანარჩენი ქვეყნები ასე გამოიყურება – ყაზახეთი (22,8), ეკვატორული გვინეა (22,0), ბელარუსი (21,4), სამხრეთ კორეა (21,2) და უგანდა (21,0).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე სუიციდის 6,7 შემთხვევა მოდის. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში თვითმკვლელობით სიცოცხლე 323-მა ადამიანმა დაასრულა, აქედან 56-მა ქალმა და 267-მა მამაკაცმა.

მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში თვითმკვლელობა უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. გამონაკლისს მხოლოდ ხუთი ქვეყანა წარმოადგენს, სადაც უფრო მეტი ქალი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, ვიდრე მამაკაცი. ესენია: ბანგლადეში, ჩინეთი, ლესოტო, მაროკო და მიანმარი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი 183 ქვეყნიდან სუიციდის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ 38 სახელმწიფოში მოქმედებს.

„ყოველი თვითმკვლელობა – ეს არის ტრაგედია ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და კოლეგებისთვის. ამასთან, სუიციდის თავიდან აცილება შესაძლებელია. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მოძებნონ მდგრადი გადაწყვეტილებები ჯანდაცვისა და განათლების ეროვნულ პროგრამებში თვითმკვლელობის პრევენციის ეფექტიანი ზომების ჩასართავად“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close