პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ცხრა ცხვარი, რომელმაც საზოგადოება გააცხარა

როცა საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას უცხადებდა, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა პარლამენტის შენობასთან ცხვარი მირეკეს.

მოძრაობის წევრებმა ცხრა ცხვარი კახეთში შეიძინეს. თითოეულ ცხვარს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის სახელი და გვარი დაარქვეს, კრებითად კი ანტისაოკუპაციო ცხვრები უწოდეს.

„ცხვრები, როგორც მორჩილების სიმბოლო“, – ასე გააპროტესტა მოძრაობამ „სირცხვილია“ „ქართული ოცნების“ ერთსულოვანი მხარდაჭერა იმ ახალი მთავრობის მიმართ, რომელსაც სათავეში ყოფილი შს მინისტრი, გიორგი გახარია ჩაუდგა – მინისტრი, რომლის გადადგომასაც მოძრაობა „სირცხვილია“ თითქმის სამი თვეა ითხოვს.

ცხვრების გამოჩენამ პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. ცხოველების გამოყენება პოლიტიკური პროცესების გასაპროტესტებლად განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ცხოველთა მოყვარულებისა და უფლებების დამცველებისთვის.

„ცხვართა პროტესტს“ გამოეხმაურნენ პარლამენტის ტრიბუნიდანაც. გია გაჩეჩილაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მოუწოდა: „ეგ ცხვრები ეკლესიაში მიიტანეთ, იქნებ უფალმა გაპატიოთ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულები!“

პარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდა„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ცხოველთა უფლებების დამცველებს, დაინტერესებულიყვნენ ცხვრების ბედით: „მოიყვანეს ცხვრები, მოაბეს ყელზე პირუტყვებს თოკები, მოათრიეს და ალბათ ცხოველთა დაცვის საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს ამ ამბავში, რადგან ცხვარს ყელზე კი არ აბამენ თოკს და ასე არ ათრევენ აქეთ -იქით“.

პარლამენტის შენობიდან გამოსული „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი კი მოძრაობის წევრებსა და ცხვრებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა და მერე ჟურნალისტებთან განმარტა: „თავს დამესხნენ სასტვენებით, ცხვრებით და მთელი ამბავი. დამიწყეს ლანძღვა-გინება… მე თავი დავიცავი“.

ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ ტიპის პროტესტით აქციის ორგანიზატორებმა დაარღვიეს ცხოველთა უფლებები და ცხვრები სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მეორე ნაწილი წერდა, რომ როდესაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება მძიმეა, ცხოველთა უფლებებზე აქცენტი და თან იმ ფონზე, როდესაც აქციის ორგანიზატორები მათ უდიერად არ მოპყრობიან, უადგილოა. მესამე ნაწილისათვის კი ეს აქტი იუმორის საფუძვლად იქცა.

საბოლოოდ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა პარლამენტთან მირეკილი ცხვრების გამო სოციალურ ქსელში საჯარო ბოდიშიც მოიხადეს:„#სირცხვილია-ს აქტივისტები ბოდიშს ვუხდით ცხვრებს იმ სტრესისათვის, რაც მათ ოცნების დეპუტატებთან გაიგივებამ შეუქმნა!

…ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში პროტესტის გამოსახატად ადამიანები ცხოველებს იყენებენ. ორი წლის წინ „ქართული მარშის“ წევრებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობას ცოცხალი ქათმები ესროლეს. მათ მაშინ ასე გააპროტესტეს „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანის, ეკა კვესიტაძის გადაცემა ქართული მარშის შესახებ.

2016 წელს კი „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებსა და „ლეიბორისტების“ მომხრეებს შორის ბაზალეთში მომხდარი დაპირისპირებისას „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა „ლეიბორისტების“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს მშიშარა უწოდა და ამის საილუსტრაციოდ ცოცხალი კურდღელი გამოიყენა.

კიდევ ერთი კურდღელი კი 2009 წელს, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ეზოში შეუშვეს აქციის მონაწილეებმა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრის, მარიამ გეგუჩაძის თქმით, ცხვრები ამ დროისათვის თბილისში, მათი მეგობრის სახლის ეზოში არიან. ახალი პატრონები მათ საღამოს მიაკითხავენ და წაიყვანენ იმ პირობით, რომ მათ არ დაკლავენ.

(შემოკლებული ვერსია)

სრული ტექსტი: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close