პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

„აფხაზეთში გვესმის ხოლმე მუსიკის ხმები ანაკლიის ფესტივალებიდან, იცით?“

გალის მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა ეკატერინე ეჯიბია ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის პრობლემას ემოციურ პოსტს უძღვნის.

„ჩემი სახლიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში განმუხურია. ჩემს ოტობაიას და განმუხურს დიდი მეგობრობა აკავშირებს, უფრო სწორად, აკავშირებდა.

გაგიკვირდებათ და, ჩვენთან, აფხაზეთში ისმის მუსიკის ხმები, რომელიც ანაკლიის ფესტივალებზე ისმის, ცაზე ვხედავთ განათებებს, იცით? ძალიან ცოტა მანძილია იქამდე, მაგრამ ორად გახლეჩილ საქართველოს მოქალაქეებს არ გვაქვს უფლება, თავისუფლად გადავიდეთ იქ, ვისარგებლოთ მოკლე გზით მეზობელ სოფელთან, ახლობლებთან, საფლავებზე მისასვლელად. ეს თითოეული ოტობაიელის და არა მარტო ოტობაიელის ტკივილია.

დიახ, ჩემი სახლიდან განმუხურამდე გზა უსაშველოდ დაგვიგრძელეს, 2-3 კილომეტრის ნაცვლად 50-მდე კილომეტრი უნდა გავიაროთ, რომ განმუხურში ჩავიდეთ. ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს მტკივნეულია, როცა ასე ახლოს გესმის ფესტივალზე გაჟღერებული მუსიკის ხმები, როცა შენი თანატოლებისთვის ეს ხელმისაწვდომია, მათ არ უწევთ ხიდზე ფიქრი (რომელიც, შესაძლოა, ჩაკეტილი დაგხვდეს), რომელიც სახლამდე მიიყვანს. მაგრამ მაინც არის ამაში რაღაც დადებითი და კარგი… არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ ილუზიაა ან ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს და ამიტომ მჯერა ჩატეხილი ხიდის გამთელების, მჯერა, ისევ შემოიკრიბავს ენგური ახალგაზრდებს,  ოტობაიის ცაზე ისევ ამოვა ცისარტყელა. ამის მწამს და ეს ჩემთვის ყველაზე სენსიტიური თემაა, ოცნებაა, რომელიც აუცილებლად ახდება. ჩემს ოტობაიაში ისევ იყვავილებს ბაიები“, – წერს გოგონა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში 22-25 აგვისტოს გაიმართა.

netgazeti.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close