აბასთუმანი გახდება პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს
აბასთუმანი გახდება პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს, რაც მიზნად ისახავს უნიკალური მიკროკლიმატის შენარჩუნებას და ურბანული სიმყუდროვის დაცვას. ტურისტები და ადგილობრივებიც მხოლოდ ეკოტრანსპორტით ისარგებლებენ. მუდმივი მაცხოვრებლებისთვის ეკოტრანსპორტს ბიძინა ივანიშვილი შეიძენს, რომელიც კურორტის სრული რეაბილიტაციის იდეის ავტორია.
მზადება უკვე დაწყებულია ტურისტების ახალი ნაკადების მისაღებადაც. აბასთუმნის ცენტრში აშენდება უმაღლესი კლასის და მსოფლიო სტანდარტების სასტუმრო „პარაგრაფი“, რომლის ანალოგი საქართველოში, შეკვეთილში უკვე არსებობს. მშენებლობის პროცესში დაახლოებით 350 ადამიანი დასაქმდება, დასრულების შემდეგ კი მუდმივ სამუშაოს 250-მდე ადამიანი მიიღებს. გეგმის მიხედვით, მათი მინიმუმ 80% ადგილობრივი იქნება. მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტისთვის ინვესტორი 30 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს.
გარდა თანამედროვე ტურისტული კომპლექსისა, აბასთუმანში საუკუნის წინ აშენებული და ამორტიზებული ტუბსაავადმყოფოს შენობის ნაცვლად, ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება, სადაც ტუბერკულოზის გარდა, ფილტვის სხვა პრობლემებსაც უმკურნალებენ. ახალი ნაგებობა მოქმედი საავადმყოფოდან მოშორებით, აბასთუმნის შესასვლელში განთავსდება და 100 პაციენტზე იქნება გათვლილი.
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს 95 წლის წინ აგებულ შენობაში 49 პაციენტი ყოველდღიური რისკის ფასად მკურნალობს. ექიმებს პაციენტებზე ზრუნვა მუდმივი სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოების ფონზე უწევთ. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც დაზიანებულია კედლები, იატაკი, არის ღია სივრცეები – შეიძლება დაგროვდეს ბაქტერიები, რომელიც გარემოს უქმნის საფრთხეს.
პარალელურად, მიმდინარეობს აბასთუმნის ისტორიული ობსერვატორიისა და საბაგირო გზის რეაბილიტაციაც, ასევე, 18 ისტორიული შენობის განახლება, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
მალე აბასთუმანი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცევა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები