დღეს ლეგენდარულმა „ერისიონმა” ჩინეთში საგასტროლო ტურნე დაიწყო

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ 27 აგვისტოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საგასტროლო ტურნე დაიწყო, რომელიც 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ნათქვამია ანსამბლის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ანსამბლი ჩინეთში კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა.

„ერისიონი” ჩინეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში სოლო კონცერტებს გამართავს. კონცერტები გაიმართება გუანჯოუში, ნანჩანში, პეკინსა და ტიანძინში. ანსამბლი ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქ პეკინში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში.

13 სექტემბერს „ერისიონი” მონაწილეობას მიიღებს შოუ-პროგრამაში „შემოდგომის დღესასწაული” ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაში (CCTV). სატელევიზიო შოუში „ერისიონის” გამოსვლას 600 მლნ მაყურებელი იხილავს.

„ერისიონის” ფინანსური მხარდამჭერია ქართული ღვინის კომპანია „შილდა”.

ანსამბლი „ერისიონი” 1885 წელს დაარსდა. დღეისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს” სტილში.

კომენტარები