ჟურნალისტების ნაწილმა „რუსთავი 2“ დატოვა
ტელეკომპანია „რუსთავი2“ „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა. მათ შორის არიან ჟურნალისტები: ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნათია ტრაპაიძე, დათო ქაშიაშვილი, ნინო სამყურაშვილი, თამთა დოლენჯაშვილი, ნინო გაზდელიანი, მაიკო ლომიძე, გიგლა თუმანიშვილი, ეკო მაღრაძე, ეკა გაგუა, სოფო ზურაბიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, დავით ერაძე, ჯეიხუნ მუჰამედალი, მარიამ გაფრინდაშვილი, ქეთა ციცქიშვილი, სოფო ვარდიაშვილი, ანუკი ბუავა.
როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ნათია გოგსაძემ განაცხადა, „ყველა ჟურნალისტი თავის სათქმელს იტყვის და ნელ-ნელა გადაწყვეტილებასაც მიიღებს“.
20 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური თოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად „ინტერესთა კონფლიქტი“ დასახელდა.
„რაც მოხდა, სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში.
„რუსთავი 2“-ის დირექტორის, პაატა სალიას თქმით, საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება.
მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, „კურიერი“ ეთერში აღარ გასულა.
ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, „მთავარი არხი“ დაარეგისტრირა, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს.
მისი სიტყვებით, იგი „ამბიციურ ტელევიზიას“ აკეთებს და ამისათვის ინვესტორები უკვე ჰყავს. ახალი ტელეკომპანიის ოფისი, სავარაუდოდ, დიღომში, „ასტრა პარკის” ტერიტორიაზე იქნება.
კომენტარები