რატომ იყიდება და ვინ იყიდის „რუსთავი 2-ს“ ?

ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ს“ ყიდის. ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა თავად გაავრცელა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი ტელეკომპანიის მიერ დაგროვებული 70 000 000 ლარის დავალიანებაა.

„დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს. „რუსთავი 2-ს“ პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს – წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვილ ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რაც ამ ზარალს დაადასტურებდა…

სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის „რუსთავი 2-ს“, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად, მე დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომაყენა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ.

ერთადერთი, ვისათანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება „რუსთავი2-ის“ს ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი.

გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

„რუს­თა­ვი 2-ის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ 12 აგვისტოს სა­გან­გე­ბო პრესკონფერენციაზე სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გაასაჯაროვა. მისი თქმით, „კუ­რი­ე­რის“ უნიკალური სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა ნიკა გვა­რა­მი­ა სხვა კომ­პა­ნი­ას გა­დსცა. პა­ა­ტა სა­ლი­ას განცხადებით, სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა 1994 წლი­დან 2019 წლამ­დე არ­სე­ბულ კად­რებს მო­ი­ცავ­და.

მისივე თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2015 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, კომ­პა­ნი­ის შემოსავლები წლი­დან წლამ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც მნიშვნელოვნად იზ­რდე­ბო­და კომ­პა­ნი­ის ხარ­ჯე­ბი, სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად. ათე­ულ მილიონობით ლა­რის ზა­რა­ლის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი იღებ­და ასეულ ათა­სო­ბით პრე­მი­ას.

ჯოხთაბერიძე თუ ჩხარტიშვილი – ვინ იყიდის „რუსთავი 2-ს”?

2020news-ის ინფორმაციით, „რუსთავი2-ის“ მყიდველთა შორის ორი გავლენიანი ბიზნესმენი – ვანო ჩხარტიშვილი და გია ჯოხთაბერიძე განიხილებიან.

იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2-ს“ ვანო ჩხარტიშვილი იყიდის, აშკარაა, მის უკან ბიძინა ივანიშვილი იქნება.

სულ სხვაგვარი სცენარი განვითარდება, თუ მყიდველი გია ჯოხთაბერიძე იქნება, რადგან ჯოხთაბერიძეს ამერიკული ბიზნესი აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ არხის შეძენის სურვილი ორივე ბიზნესმენმა გამოთქვა,  კონკურენცია გაიზრდება და ახალ მფლობელს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

ვინ გადაწონის, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

კომენტარები