ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუ

„ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს: როგორ გავუძელი ამდენს?!“

სოფო იმერელი (იაშვილი), ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში (ათენში), ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:

 ჩემი, ერთი ემიგრანტის ისტორია

ჩემს ცხოვრებაში რასაც ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდი, ეს იყო ემიგრანტობა. ძალიან ბევრი ვეცადე, რომ ამ გზას არ დავდგომოდი, მიჭირს ამ თემაზე საუბარი, სიტყვა „ემიგრანტი“ ყველაზე რთული და მძიმე სიტყვაა ჩემთვის. არ მინდოდა დამეტოვებინა შვილები, რომლებსაც სწორედ რომ მაშინ სჭირდებოდათ დედა, როცა მე დავტოვე. ერთ დღეში ყველაფერი ჩამოიშალა, რაც ძალიან კარგად მქონდა აწყობილი, თითქოს მიწა გამომაცალეს და ჰაერში გამოკიდებული დამტოვეს, გამოსავალი კი არსაიდან არ ჩანდა… დაპირებები უამრავი, მაგრამ მხოლოდ დაპირებები. ერთ კვირაში მივიღე გადაწყვეტილება, განაწყენებულმა, რომ წამოვსულიყავი იქ, სადაც ახლა ვარ: დავისვი შვილები და ავუხსენი ვითარება, განიცადეს, თვალწინ მიდგას მათი ცრემლიანი თვალები, მაგრამ ჩემზე ძლიერები ისინი იყვნენ, მითხრეს: „სხვა გამოსავალი, დედა, ახლა მაინც არ გვაქვს, ყველამ ერთად უნდა გავუძლოთ განშორებას, დღეს ჩვენთვის ასეა საჭირო“.

მახსოვს, ბოლო დღეები საოცარი განცდა მქონდა: ვერ აღვწერ, თითქოს პირველად და ბოლოჯერ ვხედავდი შვილებს, ყველაფერს, რაც ჩემს ირგვლივ იყო, მინდოდა ყველაფერს შევხებოდი, მოვფერებოდი, დავდიოდი შვილებთან ერთად ყველგან, გვერდიდან არ ვიცილებდი, როდესაც ჩემი წამოსვლის დრო მოვიდა, უფროსმა გოგომ ვერ შეძლო ჩემი გამოცილება, ვერ დამემშვიდობა, მინდა ვიფიქრო, რომ სადღაც აქვე მიდიხარ და მალე დაბრუნდებიო. პატარები გამომყვნენ აეროპორტში, სევდიანები და მოწყენილები, მეხუტებოდნენ, მკოცნიდნენ, ჩემი ბიჭი მაშინ ცხრა წლის იყო, გვერდიდან არ მომცილდა, რეგისტრაცია სანამ არ გავიარე. შორიდან ვუცქერდი, როგორ ვერ პოულობდა ადგილს, უჭირდა, მას ხომ დედის გარეშე ერთი ღამეც კი არ ჰქონდა განატარები, ვერ ვიფიქრებდი, რომ მეც გავძლებდი მის გარეშე, მაგრამ თურმე ცხოვრება რას არ გამოგაცდევინებს.

დედას დაშორებული შვილები

ოთხი წელი არც ისე ცოტა დროა, გაიზარდნენ, უფროსები უკვე სტუდენტები არიან, თან მუშაობენ, ასე მგონია, დამოუკიდებლები ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ მარტო ცხოვრობენ, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერზე მე მითანხმდებიან, ცდილობენ ნაკლებად ისაუბრონ, თუ როგორ ვენატრები, იციან, რომ ვიტირებ და მერიდებიან. უვლიან ერთმანეთს, მეუბნებიან, რომ დავბრუნდე, რადგან მუშაობენ და ჰგონიათ, რომ ის საკმარისი იქნება, არ სურთ, ისევ შორს ვიყო მათგან… შემდეგ რომ დაფიქრდებიან, მერე ხვდებიან, რომ ასე არ გამოვა, რადგან მთავარი – სახლი არ გვაქვს და ყველაფერი ერთად გაგვიჭირდება.

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს

ეს ნიშნავს, რომ მოსწყდე შენს ფესვებს, ყველაფერს იმას, რაც გაძლიერებს, ბედნიერს გხდის.

ემიგრანტობის პირველი დღეები

რთული… არეული ხარ, ვერ ერკვევი, არ იცი აქაური წესები, გიჭირს შეგუება, ტირი, გიძნელდება ყველაფერი, გგონია, რომ ვერ შეძლებ, ვერ გადაიტან, ვერ გაუმკლავდები რთულ დღეებს.

ის, რაც საზღვრებს მიღმა დავტოვე

ყველაფერი, რაც ჩემთვის ძვირფასია.

საზღვარგარეთ ყოველთვის ვამაყობ ჩემი ქვეყნის

ღირსებით, წარსულით.

ადამიანი როდესაც იცვლის გარემოს

რთულია, მით უმეტეს, სხვა ქვეყანაში ცხოვრება, გიჭირს, არაფერი შენი არ არის, არ გეკუთვნის, ხარ და თან არ ხარ. ცდილობ შეეგუო ამ ყველაფერს და ეგუები კიდევაც, იმიტომ რომ ასე რომ არ მოიქცე, უბრალოდ, ვერ იარსებებ, ვერ გადარჩები.

მენატრება

ყველაფერი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომ არ მენატრება?! ჩემს დას აქედანვე ვუთანხმდები, რომ ყველაფერს დამახვედრებს გაკეთებულს, რაც მიყვარს. ჩემი სოფელი მენატრება, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ეზო, სახლი, შვილები, ჩემი დები და დისშვილები, რომლებიც გულს მიხარებენ და მითბობენ.

არასოდეს დამავიწყდება

ჩემი შვილის ცრემლიანი თვალები, როდესაც ვტოვებდი, მისი სევდიანი სახე.

ვეღარ ვუძლებ

ვცდილობ ყველაფერს გავუძლო, უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს.

გულით დავატარებ

მონატრებას, დარდს, სიყვარულს.

გული მტკივა, რადგან

შორს ვარ, ვერ ვეფერები ჩემს შვილებს, რომ დაგკარგე ის წლები, რაც მათთან უნდა გამეტარებინა, უჩემოდ რომ გაიზარდნენ.

ბედნიერი ვარ, რადგან

ბედნიერი ვარ, რომ ვარ ქართველი, მყავს კარგი შვილები, მშობლები და დები.

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო

ჩემს თავთან და ჩემს ფიქრებთან, ვფიქრობ, როგორი უფერულია დღეები, არაფრით განსხვავებული, ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს სარკესთან, ბევრჯერ მიტირია კიდევაც, მერე ცრემლები მომიწმენდია და მითქვამს: არა, შენ ამას უნდა გაუძლო, რადგან გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ, გყავს სამი შვილი და მათ შენ სჭირდები.

ყოველდღე ვცდილობ

ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და არ ვიტირო, არ ვინერვიულო და ვიყო უფრო პოზიტიური, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა.

დრო

დრო, რომელიც დავკარგე – ეს ემიგრანტობის წლებია და რატომ? – ყველაზე ძვირფასს ვკარგავთ, წლებს, რომელიც უნდა გაგვეტარებინა ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

უკვე მივეჩვიე

სიმარტოვეს, უფრო ძლიერი გავხდი, არავისზე დამოკიდებული არ ვარ. მარტო ვუმკლავდები ჩემს პრობლემებს.

ბრძოლა საკუთარ თავთან

ვებრძვი ჩემს თავს, რომ უნდა ვიყო ძლიერი, არ მაქვს დაცემის უფლება, ტირილის უფლება და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად ვიფიქრო ცუდზე.

ჩვენი დროის გმირი

დღეს ისეთი ცხოვრება გვაქვს, რომ ალბათ ყველა გმირია თავისებურად; ემიგრანტობა გმირობაა, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო რამ როგორც ქვეყნის, ისე ოჯახის წინაშე, შენ ხომ შენი სამშობლოს სახე ხარ სხვა ქვეყანაში, გმირობაა რომ ზუსტად ისეთ დაანახვო სხვას შენი ქვეყანა, როგორიც სინამდვილეშია, არ დაკარგო ქართველობა – ეს ხომ გმირობაა.

როდესაც სახლიდან შორს ყოფნას დააპირებთ

ვეცადოთ, რომ დავრჩეთ ის, რაც სახლში ვიყავით, არაფრით და არავისთვის არ შევიცვალოთ, არ დაკარგოთ ქართველობა, გვახსოვდეთ ყოველთვის, საიდან მოვდივართ.

ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი გაქვთ, გირჩევთ

ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა იყოთ მზად, რომ მიდიხართ, აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შორიდან მოჩანს; მეც ასე მეგონა, სულ სხვანაირი დამხვდებოდა, მაგრამ სულ სხვა დამხვდა, მე ეს დამეხმარა ყველაზე მეტად, რომ მოვემზადე ყველაფრისთვის, ჩემს თავს თვითონ ვეუბნებოდი, ყველაფერს უნდა გავუძლო-მეთქი, პირველ რიგში, მონატრებაა, რაც ყველაზე მეტად გტანჯავს ადამიანს და სიშორე. ამიტომ უნდა ეცადონ, რომ თავი ხელში აიყვანონ, ნაკლებად იფიქრონ ცუდზე… და მაინც ვურჩევდი, რომ თუ ოდნავ მაინც შეიძლება, რომ არ დატოვონ ოჯახი, შვილები, ნუ დაკარგავენ იმ ძვირფას წლებს შვილების და ოჯახის გარეშე.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს….

პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელები იყვნენ, ყველა მათი ჩანაფიქრი ასრულებოდეთ, მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში, ეცადონ, რომ სიბერე თავიანთ ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან გაატარონ, ის დაკარგული წლები აანაზღაურონ, რაც ემიგრანტობამ დააკარგვინა.

დავბრუნდები, როცა

დავბრუნდები, როცა ბინის დასაგირავებელ ფულს დავაგროვებ. რომ დავბრუნდე, ისევ ჩემს დასთან ხომ არ მივალ?! იმედია, მეყოფა ის დრო, რაც ჩაფიქრებული მაქვს ამ ყველაფრისთვის.

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები, აღარ მინდა, ისევ უკან გამოვბრუნდე და ისევ ემიგრანტი მეწოდოს, მაგრამ ეს რამდენად მოხერხდება, არ ვიცი. რთულია…

საქართველო

ჩემი სამშობლო! მინდა ერთიანს, მთლიანს და ძლიერს ვხედავდე, არ ჰყოლოდეს ამდენი ემიგრანტი, გაჭირვებული ადამიანი. საქართველო – ეს არის, რის გამოც ბევრჯერ მიტირია, ადამიანი მაშინ უფრო ხვდება სამშობლოს სიყვარულს, როცა მას ტოვებს. სწორედ რომ მეც ასე დამემართა, ახლა მივხვდი, თუ როგორ მყვარებია ჩემი საქართველო.

ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს...

როგორ გავუძელი ამდენს?

მჯერა..

რომ ვიქნები ძალიან ბედნიერი. ახლაც ბედნიერი ვარ, მაგრამ ისე არა, როგორც უნდა ვიყო.

ის, რაც გადაგვარჩენს

პატიება, სიყვარული და ერთგულება, ერთმანეთის გვერდში დგომა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close