რუსული ემბარგოს ფიასკო – ივლისში საქართველოს მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურისტებმა საქართველოში იანვარ-ივლისში 1.5 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს. ეს თანხა 2018 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. შესაბამისად, ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლები იზრდება.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისას და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელიც მიმდინარეობს, ადამიანებს მაინც აქვთ სურვილი, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, ბუნებრივია, მოხარულები ვართ და მივესალმებით, რომ გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო მიმართულებით. გერმანია, პოლონეთი, ყაზახეთი, ჩინეთი – ეს ის მიმართულებებია, საიდანაც შემოდის კიდევ უფრო მეტი ტურისტი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

2019 წლის 8 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციამ, ეკონომიკური სანქციის სახით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. დღეს ტურიზმის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სრული სტატისტიკა, თუ რამდენმა ადამიანმა გადაკვეთა გასული თვის განმავლობაში ქვეყნის საზღვარი. დოკუმენტში მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს: მოლოდინი, რომ ფრენების აკრძალვა საქართველოს ტურიზმის სექტორს ასობით მილიონი დოლარის ზარალს მიაყენებდა, შესაძლოა გადაჭარბებული იყოს.

ზემომოყვანილი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებამდე ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ტურისტების რაოდენობის შემცირება სახელდებოდა. აგრეთვე, ვრცელდებოდა არარეალური ინფორმაციებიც, რომელთა თანახმადაც, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 50%-ით იყო შემცირებული, რაც სტატისტიკური მაჩვენებლებით არ დადასტურდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები