საზოგადოებაინტერვიუსაქართველო

„პირველად შტორმი რომ დაიწყო, ვიტირე“ – ვინ არის ქართველი მეზღვაური გოგონა, რომელიც გემის კაპიტნობაზე ოცნებობს

მეზღვაურობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მამისა და ბიძის მონაყოლ ისტორიებს პატარა ასაკიდან ისმენდა და სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

ზღვისპირა ქალაქში დაბადებულმა ნათია ლაბაძემ, სხვა თანატოლების მსგავსად, ჯერ საბავშვო ბაღში იარა, მერე – სკოლაში და როდესაც ჯერი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე მიდგა, დიდხანს არ უფიქრია, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩააბარა.

ოჯახი, ახლობლები, ნათესავები და სტუდენტები მის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდნენ. ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო, სწავლა არც დაემთავრებინა ან უკეთეს შემთხვევაში, თეორიტიკოსი და არა პრაქტიკოსი მეზღვაური დადგებოდა, თუმცა მოლოდინი ყველას გაუმტყუნა.

ნათია ლაბაძე უკვე  4 ლი პრაქტიკოსი მეზღვაურია და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიწაზე უფრო ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე ზღვაში. დღესასწაულები გემბანზე ჩვეულებრივი დღეა. ნათია პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი მეორე ნახევარი მეზღვაური არასდროს იქნება, რადგან ორივე თუ ზღვაში ვიქნებით, სახლი დაკეტილი ხომ არ გვექნებაო, ამბობს. მას დიდი მიზნები და ოცნებები აქვს – გემის კაპიტნობა უნდა.

ბევრი მეკითხება, რატომ ეს პროფესიაო?!

სიმბოლურია ისიც, რომ ნათია ბათუმში დღეს იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველი ქართველი ქალი მეზღვაური იულია ფაილოძე ცხოვრობდა. ისიც საგულისხმოა, რომ ზუსტად იმ ბიბლიოთეკაში წაიკითხა პირველი წიგნი, სადაც იულია მუშაობდა. ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ, ნათია პირველი ქართველი გოგონა მეზღვაურია, რომელიც შორეულ ნაოსნობაში ხშირად მიემგზავრება.

სულ რამდენიმე დღის წინ ნათია ლაბაძე შორეული ნაოსნობიდან მშობლიურ ბათუმს დაბრუნდა და „პრაიმტაიმმა“ მასთან იტერვიუ ჩაწერა.

„ექვსი თვე და 11 დღე ზღვაში ვიყავი. აზიაამერიკა, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, მალაიზია, სან-ფრანცისკო, – ამ ადგილებში შევცურეთ. 31 ივლისს  სინგაპურიდან ჩამოვფრინდი.

კოლუმბიურ კომპანიაში ვმუშაობ, კონტეინერმზიდ გემზე, რომელსაც Nyk Titoni ჰქვია. 2015 წლის ივლისის თვეში გავემგზავრე ჩემს პირველ ე. წ. მოგზაურობაში. პირველად ჰონკონგში გავემგზავრე და იმის შემდეგ აქტიური მეზღვაური ვარ. ექვს სხვადასხვა გემზე ვიმუშავე კოლუმბიის კომპანიაში. წესით, სამი-ოთხი თვე უნდა ვიყო საქართველოში, თუმცა შეიძლება მანამდეც დამირეკონ და გამომიძახონ, ეს წინასწარ არავინ იცის.

მამაც მეზღვაურია?

მამა მეზღვაური იყო, ახლა სახლშია. ბიძაჩემიც მეზღვაური იყო, თუმცა ის ტრაგიკულად დაიღუპა მემედ აბაშიძის გემის ჩაძირვის დროს. ყველა გადარჩა ბიძაჩემისა და კიდევ ორი ადამიანის გარდა. ბევრი მეკითხება, რატომ ეს პროფესიაო, ყველას ვპასუხობ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ნახევარი წლის განმავლობაში მიწაზე ფეხს ვერ ადგამდე, მაგრამ როცა შენი ბავშვობის ოცნებაზეა საუბარი, იქ სირთულეები მეასეხარისხოვანია. ყველა პროფესიას ახლავს სირთულე, მით უმეტეს მეზღვაურობას, თუმცა ბევრი დადებითი მხარეც აქვს –  უფასოდ მოგზაურობ უამრავ ქვეყანაში, კარგი ანაზღაურება და უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა.

ვერასდროს წარმომედგინა ჩემი თავი ისეთ პროფესიაში, რომელიც დილის 10 საათზე დაიწყებოდა და 18 საათამდე კომპიუტერთან გავატარებდი. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის პორტებში რამდენიმე გოგონა ვნახე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე სხვა ქვეყნებში აქტუალური გახდა გოგონებში მეზღვაურობა. თუ მეზღვაური მამაკაცი დღის განმავლობაში  დაკისრებულ მოვალეობის 50-60 პროცენტს ასრულებს, მე 100 პროცენტით ვარ დაკავებული, რათა სხვებს დავუმტკიცო, რომ ამ პროფესიას სქესი არ აქვს. მე დღეს კაპიტნის მესამე თანაშემწე ვარ და ჩემს მოვალეობაში შედის გემზე უსაფრთხოება და ა. შ.

პირველი შტორმი – იდუმალი და დაუნდობელი ზღვა

ნათიას დილა 7 საათზე იწყება. საუზმობს და 8 საათზე უკვე გემის ხიდურაზეა. 12 საათამდე ნავიგაციურ სისტემას ამოწმებს, შემდეგ ერთი საათი ისვენებს. დასვენების შემდეგ, კვირის ან თვის შემოწმებას აწარმოებს, ან სამღებრო სამუშაოებს ასრულებს. მერე სამაშველო ტივებისა და ნავების აღჭურვილობის შემოწმების დრო დგება. შემდეგ დასვენება და საღამოს რვა საათიდან 12-მდე ისევ ნავიგაციური სისტემის შემოწმების დრო დგება. თითქმის ასეა ყოველ დღე, თვეების განმავლობაში. თუმცა ამბობს, რო არცერთი დღე არ ჰგავს წინას.

„ასე გრძელდება თვეების განმავლობაში, თუმცა არ გეგონოთ რუტინული სამუშაო. ზღვა ისეთი იდუმალი, დაუნდობელი და საინტერესოა, ძალიანაც რომ მოინდომო, დღეები ერთმანეთს ვერ დაემსგავსება. ხან შტორმია, ხან სხვა პრობლემის აღმოფხვრის საჭიროებაა… ხშირად მეკითხებიან, შტორმის დროს როგორ ხარ, რა ხდება იმ დროს გემზეო. ალბათ მკითხველსაც დააინტერესებს, რა ხდება გემზე იმ დროს, როცა უზარმაზარი ტალღები ეჯახება გემს. იმხელა ადრენალინს გამოიმუშავებს ამ დროს ჩემი ორგანიზმი, რომ არ მიყვარს, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს. ერთხელ ისიც მკითხეს, შტორმის დროს გემზე დაბმული ხართო? არა, რა თქმა უნდა, მაგ დროს მხოლოდ ნივთებს ვამაგრებთ, რომ არ გადმოიყაროს და არეულობა არ შეიქმნას, თორემ ჩვენ ჩვეულებრივად ვმოძრაობთ გემზე.  პირველად შტორმში მაშინ მოვხდი, როდესაც პირველად წავედი შორეულ ნაოსნობაში. წყნარ ოკეანეში ვიყავით, როცა შტორმი დაიწყო, შემეშინდა და ვიტირე კიდეც, მაგრამ მაშინ გემზე ეკიპაჟის წევრების ნაწილს ეძინა, ზოგიერთი კი თავის საქმეს აკეთებდა. მერე გადავლახე ეს შიშიც.

მონატრებადაბადების დღე და ახალი წელი შუა ზღვაში

როცა ზღვაში ხარ, ემოციები გვერდით უნდა გადადო და ცივი გონებით უნდა იმოქმედოო – ამბობს. პირველ ეტაპზე ნათიასთვისაც ძნელი იყო ოჯახთან განშორება, თუმცა ინტერნეტის დახმარებით, თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს ოჯახის წევრებთან:

გემზე ინტერნეტი ლიმიტირებულია, თუმცა ყოველთვის ვახერხებ ოჯახის წევრებთან დაკავშირებას და მოკითხვას. შორეულ ნაოსნობაში ყველაზე ძნელი ოჯახთან განშორებაა. შარშან 31 დეკემბერს ჩინეთის ერთ-ერთ პორტში ვიყავი, საქართველოში ყველა ახალი წლის დადგომას ზეიმობდა, მე ჩემს „კაიუტაში“ ვიჯექი მოწყენილი და ცრემლები ჩამომდიოდა, თუმცა ეს ოჯახისთვის არ მიგრძნობინებია. რაც მეზღვაური გავხდი, მას შემდეგ ერთხელ 2008 წელს აღვნიშნე სახლში დაბადების დღე და ახალი წელი. გემზე დაბადების დღე ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, არაფრით პრივილეგირებული არ ხარ. გააჩნია, რომელი ეროვნების წარმომადგენლები არიან ეკიპაჟის წევრები. გემზე უჩუქებიათ შოკოლადები, მისალოცი ბარათებიც.

თავისუფალ დროს რა ხდება გემზე?

თავისუფალი დროც გვაქვს. შეგიძლია ფიტნესით დაკავდე, თავისუფალ დროს ვვარჯიშობ, ხან ფილმს ვუყურებ, ზოგჯერ მუსიკას ვუსმენ. ერთ-ერთ გემზე ელექტრონული გიტარები გვქონდა, ვინც იცოდა დაკვრა, უკრავდა, დანარჩენები ვუსმენდით.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close