მედიცინასაზოგადოებასაქართველო

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვამდე საჭირო კვლევები ყველასთვის უფასო გახდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ.

„საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციას გასწევს. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ამ პროგრამაში გარკვეულ ცვლილებებს  ვახორციელებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები. ამ წამლების ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, მათგან 44 000-ზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათ შორის განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს ახალი თაობის მედიკამენტებს „სოფოსბუვირს“ და „ჰარვონს“. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებზე ასევე უფასოდ გასცემენ დამხმარე მედიკამენტებს: პეგილირებულინტერფერონსა“ და „რიბავირინს“.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას. C ჰეპატიტის სკრინინგი, კონფირმაციული ტესტი და გენოტიპის კვლევა აქამდეც 100%-ით ფინანსდებოდა. სხვა სამედიცინო კვლევებს სახელმწიფო სრულად მხოლოდ სოციალურად დაუცველებს უფინანსებდა, ვეტერანებს – 70%-ით, სხვა მოქალაქეებს კი – 30%-ით. ამიერიდან კვლევები ყველა კატეგორიისთვის უფასო გახდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close