fbpx
საზოგადოებასაქართველო

ემიგრაციაში წასვლის ნაცვლად ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და „თომა პაპას მარანი“ გახსნა

„სანამ „თომა პაპას მარანზე“ დავიწყებდი ზრუნვას, მეც ვფიქრობდი, უცხოეთისთვის შემეფარებინა თავი და ოჯახს იქიდან დავხმარებოდი. ამერიკის ვიზაზე უარის მიღების მერე, უცხოეთში წასვლაზე ფიქრი შევწყვიტე და რაც უკვე მქონდა, იმის განვითარებაზე, აღორძინებაზე დავიწყე ზრუნვა… ცხადია, ჩემს მამაპაპისეულ მიწაზე უფრო ლაღი ვარ, უცხო ქვეყანაში ასე ვერ ვიქნებოდი“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი, რომელიც საცხოვრებლად მშობლიურ სოფელ ვაქირში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) დაბრუნდა და მამაპაპისეულ სახლში საოჯახო სასტუმრო და „თომა პაპას მარანი“ გახსნა.

შიდა ტურიზმი ნელი ვარდიაშვილის „სუსტი წერტილია“ და ამ სფეროში გამოცდილებაც აქვს – 14 წლის წინათ ტურისტული კომპანია „ჯი თი ეი“ დააარსა და რამდენიმე თვის განმავლობაში შიდა ტურებს აწყობდა. გიდობაც თავად ჰქონდა შეთავსებული და ტურების ორგანიზებაც. მალე გაზეთ „ალიაში“ დაიწყო მუშაობა და პროფესიულმა პასუხისმგებლობამ ამ საქმის გაგრძელების საშუალება არ მისცა. ამ ეტაპზე განსაკუთრებით იმაზე ზრუნავს, რომ „თომა პაპას მარანი“ ტურისტებისათვის მეტად საინტერესო და ორიგინალური გახადოს, მაგრამ პარალელურად ჟურნალისტურ საქმიანობასაც აგრძელებს, როგორც euronews.ge-ს დამფუძნებელი და რედაქტორი.

„დიდი სურვილი მაქვს, ჩემთან მოსულმა სტუმარმა აქ ქართული, ეროვნული სული იგრძნოს და დაინახოს. სხვათა შორის, ეროვნულ სამოსს ვაგროვებ, რათა მათ ამ სამოსში გადავუღო ფოტოები და ამ ფორმითაც ხშირად გავახსნო საქართველო და „თომა პაპას მარანი“, – ამბობს ნელი და სასტუმროში შექმნილ თბილ, ოჯახურ გარემოსთან ერთად სტუმრებს უგემრიელესი, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებულ კახურ სუფრასაც ახვედრებს, რომელსაც „თომა პაპას მარნის“ ღვინოსთან ერთად, ქართული ფოლკლორული სიმღერებიც ამშვენებს.

„ჩემი პაპა, თომა ვარდიაშვილი ლოტბარი იყო, დღემდე მაქვს შემონახული პაპას ნამღერი ძველქართული სიმღერების ჩანაწერი, რომელიც კონსერვატორიის მკვლევარებმა მაჩუქეს.

მინდა, რომ პაპას სახელობის მარანში შემოსულ ყველა სტუმარს მოვასმენინო იმ კაცის სიმღერა, ვინც ააშენა ეს ლამაზი მარანი. კარგად მახსოვს, ქვევრებში როგორ წურავდა თომა პაპა ღვინოს, როგორ უვლიდა მას. დღემდე შემომრჩა გოგირდის სუნი, რომელსაც ღვინით სავსე ქვევრთან აბოლებდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს ღვინის მოვლის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო. „თომა პაპას მარნის“ ქვევრები სხვადასხვა ზომისაა და, აქედან გამომდინარე, ადვილად გამოსაყენებელი. ცოტა ხანში მარანში გვექნება საწნახელიც, რომელშიც ტურისტები ძველი მეთოდით, ფეხით დაწურავენ ყურძენს“.

სტუმრები, ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან გყავთ?

სტუმრების მიღება მაისიდან დავიწყეთ. პირველი სტუმარი ექიმების ოჯახი იყო ბელარუსიდან. სამი დღე დარჩნენ ჩვენთან და ისე მოეწონათ, კინაღამ წასვლა გადაიფიქრეს. მაქსი მოიხიბლა ალაზნის ველის პეიზაჟებით, რომლებიც ჩვენი აივნიდან მოჩანს. ასევე დაინტერესდა აივანზე გამოფენილი ძველი ნივთებით – საჩეჩელით, ფანდურით, აკვნით… იმდენად გაშინაურდა, რომ ნათურებზე მოწნული ხონჩის ჭაღები თავად დაამაგრა.

ერთხელ მოსკოვის სავაჭრო პალატის თანამშრომლები მოვიდნენ ქართული კერძების დასაგემოვნებლად და მთხოვეს, სუფრასთან თამადა მე ვყოფილიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თამადობაც გამომივიდა. საქართველოს სადღეგრძელო განსხვავებული სასმისებით შევსვით. პატივისცემის მიზნით, ჩვენ „კატუშა“ ვიმღერეთ, მათ კი ქართულად შეასრულეს „თბილისო“. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხალხთა შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს და პოლიტიკურ ქარტეხილებს უძლებს.

ამ ბოლო დროს სტუმრები პეტერბურგიდან მყავდა – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი 8-9 წლის გოგონა. ისინი საკუთარი მანქანით ჩამოვიდნენ საქართველოში. გასულ წელსაც ყოფილან საქართველოში და ისე მოსწონებიათ, კიდევ გადაუწყვეტიათ ჩამოსვლა.

ტურისტებს ძალიან მოწონთ ჩვენი ბუნება, სიმწვანე, ალაზნის ველი და მის თავზე წამომდგარი კავკასიონის ქედი, ჩიტების ჭიკჭიკი, ქართული ოჯახის სიმყუდროვე, სტუმარმასპინძლობა, კახური სამზარეულო… პეტერბურგიდან ჩამოსულ ტურისტებს ძალიან მოეწონათ ჩემი რეტრო საძინებელი ოთახი, სადაც დგას ბებიასეული რკინის საწოლები, კარადა, საკერავი მანქანა, კედელზე გაკრულია ჩემი წინაპრების ნაქონი ხალიჩა. სანამ ისინი ჩვენთან მოვიდოდნენ, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. ჩემს რეტრო საძინებელში რომ შემოვიდნენ, მითხრეს, იქაც ზუსტად ასეთი ოთახი ვნახეთო. ამ შეფასებამ გამახარა.

სტუმრები გვყავდნენ ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

განსაკუთრებით რა ხიბლავთ, რას ითხოვენ?

განსაკუთრებულად ხიბლავთ ჩვენი სტუმარმასპინძლობა და სამზარეულო. მასპინძლის გამომეტყველებას, ხასიათს, მიმიკებს განსაკუთრებულად აკვირდებიან. ამგვარი მზერა თითქმის ყველა ტურისტისგან ვიგრძენი. როცა ხვდებიან, რომ მასპინძელი ხალისიანია, მხიარული, სტუმართმოყვარე, თავს კარგად გრძნობენ და შინაურულად იქცევიან.  სიამოვნებით მიირთმევენ ხაჭაპურს, ხინკალს, ჩაქაფულიც მოსწონთ. „თომა პაპას მარანში“ ნიგვზიან მხალს ისპანახით არ ვამზადებთ. ბოსტანში გვიდგას რამდენიმე სახეობის ველური მხალი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და აქვს ძალიან სასიამოვნო არომატი. ეს ნიგვზიანი კერძი უცხოელ სტუმრებს ძალიან მოსწონთ. თითქმის ყველა ინტერესდება და გვეკითხება, როგორ მოვამზადეთ. ვუხსნით, რომ ეს სხვა მხალია და არ არის ისპანახი. ამის მერე ინტერესდებიან და მცენარეს ფოტოებს უღებენ. ცდილობენ, საკუთარ ქვეყანაში აღმოაჩინონ ანალოგი. ზოგჯერ, კერძების რეცეპტსაც გვთხოვენ, ხინკლის მომზადების სწავლა უნდათ და ა. შ. ძალიან მოსწონთ ქვევრის ღვინო და სახლში გამოხდილი ჭაჭა. ჩვენი ოჯახის ჭაჭა მაღალგრადუსიანია და ამის გამო გაოცებას ვერ მალავენ. „თომა პაპას მარნიდან“ უკმაყოფილო ტურისტი არ წასულა – სიყვარულით გვემშვიდობებიან და გვპირდებიან, რომ მომავალ წელსაც ჩვენთან ჩამოვლენ.

უცხოელი ტურისტების გარდა თავად ქართველები რამდენად ინტერესდებიან „თომა პაპას მარანში“ სტუმრობით?

ფეიქბუქგვერდზე – „toma papas marani – თომა პაპას მარანი“ ვაქვეყნებთ ინფორმაციებს, ფოტოილუსტრაციებს ჩვენი საქმიანობის შესახებ. ქართველებს არანაკლებ მოსწონთ ჩვენი მარნის ფოტოები და ინფორმაციები. ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ განცხადება, რომ სიამოვნებით გავუმასპინძლდებით ქართველ სტუმრებს, ვისაც სურთ დაბადების დღის აღნიშვნა, ღირსშესანიშნავ დღეს ქეიფი, ან გადაწყვიტეს ქალაქის ორომტრიალისგან მოწყვეტა და დროებით განტვირთვა სოფლის, სუფთა და ლამაზ გარემოში. ანდა უბრალოდ, მეგობრული პიკნიკის მოწყობა გადაწყვიტეს ქალაქიდან მოშორებით. რამდენიმემ უკვე გამოთქვა ჩვენთან სტუმრობის სურვილი და ალბათ მალე დაგვიკავშირდებიან. ასე რომ, „თომა პაპას მარანში“ სტუმრებს არ ვარჩევთ – ყველას ვიღებთ მეგობრულად და ღვთის საჩუქარად ვთვლით.

თქვენი ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, სტიმული უნდა იყოს ბევრისთვის და ერთ-ერთი გზაც იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ქართული სოფლების დაცლა ჰქვია…

ვინმე თუ მომბაძავს, გამიხარდება. ერთმანეთის გვერდში დგომითა და კარგი საქმეების კეთებით ავაშენებთ სოფელს. სხვანაირად სოფელი არ შენდება, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“: ხელისუფლებამაც უნდა შეუწყოს ხელი სოფლის მაცხოვრებლებს საკუთარ ფუძეზე დამკვიდრებაში. სოფლებში იმდენი პრობლემაა, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი. საჭიროა ხელშეწყობა, დახმარება ყველა წამოწყებაში, ბევრი პროგრამა, რომლითაც გლეხი, მეურნე იგრძნობს, რომ მარტო არ არის. ხალხს ხელისუფლების იმედი უნდა ჰქონდეს და მერე ბევრ კარგ საქმეს ჩაეყრება საფუძველი. სამწუხაროდ, ამჟამად ასე არ ხდება.

არ ხდება და სოფლებიც იცლება – უმეტესობა უცხოეთში მიდის ოჯახის რჩენის მიზნით. საქართველოში ალბათ არ არსებობს ადამიანი, საახლობლოში ემიგრანტი არ ჰყავდეს… რას ეტყოდით ემიგრანტებს?

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულებია ჟურნალისტად ვმუშაობ ბეჭდურ მედიაში და გასამრჯელოც ყოველთვის მაქვს, სანამ „თომა პაპას მარანზე“ დავიწყებდი ზრუნვას, მეც ვფიქრობდი უცხოეთისთვის შემეფარებინა თავი და ოჯახს იქიდან დავხმარებოდი. ამერიკის ვიზაზე უარის მიღების მერე უცხოეთში წასვლაზე ფიქრი შევწყვიტე და რაც უკვე მქონდა, იმის განვითარებაზე, აღორძინებაზე დავიწყე ზრუნვა. სიმართლე გითხრათ, უცხოეთში ცხოვრება და საქმიანობა მაშინებდა კიდეც. ჩემი სოფლის სახლში „თომა პაპას მარნის“ აღორძინებაზე ფიქრი თავისით „მოფრინდა“. მე მას მხოლოდ სული შთავბერე. ცხადია, ჩემს მამაპაპისეულ მიწაზე უფრო ლაღი ვარ და უცხო ქვეყანაში ასე ვერ ვიქნებოდი.

მესმის, რა მძიმეა ემიგრაციაში ყოფნა, რთულია ემიგრანტის საქმიანობა და ყოფა. ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს სატარებელი და არ არსებობს ცხოვრების ფორმულა, რომელსაც ყველა ერთნაირად მოირგებს, მაგრამ მთავარია, არ დაივიწყოთ ერთი რამ: თქვენ სჭირდებით თქვენს ოჯახებს შინ, სჭირდებით ქვეყანას, თქვენს მიწა-წყალს, კერას. სოფლებში ბევრი მიტოვებული სახლია. მძიმე საყურებელია, როცა ადგილი, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, ბავშვები დარბოდნენ, დღეს უპატრონოდ არის ქცეული და იქ ბალახი ბიბინებს. ალბათ დგება მომენტი, როცა შესაძლებელია დაბრუნდეთ სამშობლოში და თქვენი კერა ააღორძინოთ. ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ…

დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: ჩემთვის მთავარია, რომ…

ჩემთვის მთავარია, რომ საქმე, რომლსაც ამჟამად ვემსახურები, არის სიკეთის მომტანი. შემოდგომით, რთვლის დროს, კახეთში ბევრი ტურისტი შემოდის და „თომა პაპას მარანიც“ ელოდება ტურისტების სიმრავლეს. აქედან გამომდინარე, მექნება მეტი სამუშაო ადგილი და დავასაქმებ მეტ ადამიანს.

ჩემთვის ასევე მთავარია, რომ ავაღორძინე კერა, რომელიც, მე რომ არა, მიტოვებული და გაყინული იქნებოდა.

ჩემთვის ისიც მთავარია, რომ ვმონაწილეობ ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციაში – ტურისტებს ვუყვები საინტერესო ისტორიებს კახეთის, სიღნაღის და ჩემი სოფლის, ვაქირის შესახებ.

არანაკლებ მთავარია ჩემთვის ისიც, რომ ეკონომიკის განვითარებაში შემაქვს ჩემი მცირე წვლილი – ადგილობრივი პროდუქტებით ვამზადებ მურაბებს, ჩირებს… შემოდგომით ჩურჩხელების წარმოებასაც დავიწყებ.

განა ეს ცოტაა?!

თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე: როგორ აქცია ჰოლანდიიდან საქართველოში დაბრუნებულმა გოგონამ პაპისეული ეზო ტურისტულ ცენტრად

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close