ორგანიზაციებსა და ხომალდებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებს ეხმარებიან, შესაძლოა მილიონ ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ, თუ ისინი იტალიის ტერიტორიულ წყლებში შევლენ.
შესაბამისი კანონპროექტი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა (ქვედა) პალატამ მიიღო. კანონპროექტს მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, 248-ის წინააღმდეგ. მისი ინიციატორი იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინია.
კანონის საბოლოო მიღების შემთხვევაში იტალიას გაუმარტივდება იმ სამაშველო ხომალდების კონფისკაცია, რომლებიც იტალიურ პორტებში შესვლის აკრძალვას დაარღვევენ.
მიმდინარე წლის ივნისში იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 50 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს იმ გემების კაპიტნებისთვის, რომლებმაც იტალიის საზღვაო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მოგვიანებით აღნიშნული დოკუმენტი, შესაბამისი ცვლილებებით, პარლამენტის ქვედა პალატას კანონპროექტის სახით წარუდგინეს. საბოლოოდ დამტკიცებამდე ინიციატივას იტალიის სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი. კენჭისყრა სენატში, სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები